აშშ-ში „ხნის არმია“ წელს ნაადრევად შეუდგა სადღესასწაულო სამზადისს და ტრადიციული მადლიერების დღის ნაცვლად „წითელი სათლების“ საქველმოქმედო კამპანია 14 სექტემბერს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 130 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა და ეს გამონაკლისი კოვიდ-19-ის და მისი დიდი ზეგავლენის გამო დაუშვეს.
მაღაზიების დახურვის ზრდასა და სავაჭრო ობიექტებზე ნაკლები მყიდველის არსებობის გამო „ხსნის არმია“ ვარაუდობს, რომ სპეციალური წითელი სათლების მეშვეობით მოგროვებული თანხა წელს 50%-ით შემცირდება.
„საშობაოდ და მის შემდგომაც სხვადასხვა საჭიროების მქონეთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხის შეგროვების შესაძლებლობა რისკის ქვეშაა. ჩვენ გვჭირდება ყველა, ვინც შეძლებს, შემოგვიერთდეს და აჩვენოს, რომ დღესასწაული შეიძლება იყოს ნათელი და კაშკაშა სხვადასხვა საჭიროების მქონე მილიონობით ადამიანისთვის.“ – განაცხადა „ხსნის არმიის“ კომისარმა კენეტ ჰოდერმა.
გასულ წელს ორგანიზაციამ შეაგროვა 126 მილიონი დოლარი 30 000 სათლის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად იყო განთავსებული ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში.
ამჟამად კი, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზოგიერთნი, რომლებიც წინა წელს დონორები იყვნენ, ამ წელს თავად ეძებენ დახმარებას.
„უფრო ნაკლები წითელი სათლით წელს ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება მეტად, ვიდრე ოდესმე. გაეცი ყოველთვიურად 25$-დან და დაგვეხმარე, რომ #გადავარჩინოთ_შობა სხვადასხვა საჭიროების მქონე ჩვენს მოყვასთათვის.“ – წერს ორგანიზაცია „ტვიტერზე“.
ორგანიზაციის თქმით, წელს აღნიშნული საქველმოქმედო კამპანიის ჰიმნი იქნება პრემია „გრემის“ მფლობელი ქრისტიანი მომღერლის – ლორენ დეიგლის სიმღერა, სახელწოდებით „Rescue“ (გადარჩენა).
შეგახსენებთ, რომ „ხსნის არმია“ ქრისტიანული, პროტესტანტული ეკლესიაა, რომელიც 1865 წელს ჩამოყალიბდა უილიამ ბუთის თაოსნობით. „ხსნის არმია“ მსოფლიოში თავისი ქველმოქმედებით და სოციალური აქტივობით არის ცნობილი. მათი დევიზია: „ღმერთს გული, კაცს – ხელი“.
„წითელი სათლების საქველმოქმედო კამპანია“ უკვე 130 წელია საშობაოდ, ყოველწლიურად ტარდება. მოხალისეები წითელი სათლებით ხელში დგებიან ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან და ზარებს რეკავენ, მოსახლეობა კი შესაწირავს აგდებს სათლში. სწორედ ამგვარად გროვდება ის თანხები, რომელიც შემდგომ მთელი წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი სოციალური პროექტის თუ ქველმოქმედების გაწევის შესაძლებლობას აძლევს ეკლესიას.