17 აპრილს კათოლიკურმა სამყარომ და პროტესტანტული ეკლესიების ნაწილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა.
პაპმა ფრანცისკემ თავის სააღდგომო გზავნილში მშვიდობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მშვიდობა ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა:
„წელს უკრაინაში მიმდინარე ომმა ამ დღის აღნიშვნას დაღი დაასვა… ჯვარცმული იესო აღდგა! იგი მიდის მათკენ, ვინც სახლში გამოკეტილი შიშითა და ვაებით ტირის. იგი მათთან შედის და ეუბნება: ‘მშვიდობა თქვენდა!’ უჩვენებს ჭრილობებს ხელებზე, ფეხებსა და ფერდზე. ის არ არის მოჩვენება, ის იესოა, რომელიც ჯვარზე მოკლეს და დამარხეს. მოციქულთა უნდობი გამოხედვის საპასუხოდ იგი იმეორებს: ‘მშვიდობა თქვენდა!’ ევროპაში არსებულმა კონფლიქტმა გვაიძულა, უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ დაძაბულობის სხვადასხვა სიტუაციას, ტანჯვასა და ტკივილს, რომლებიც მსოფლიოს ძალიან ბევრ რეგიონს შეეხო და რომელთა დავიწყებაც არც შეგვიძლია და არც გვსურს. დაე, დაისადგუროს მშვიდობამ მრავალწლიანი კონფლიქტითა და განხეთქილებით დატანჯულ ახლო აღმოსავლეთში…“
პროტესტანტული სამყაროს „პაპად“ წოდებულმა ფრანკლინ გრემმა თავისი სააღდგომო სიტყვით მსოფლიოს უკრაინიდან, ქალაქ ლვოვიდან მიმართა FOX NEWS-ის პირდაპირი ეთერის მეშვეობით. მან თქვა, რომ ჩვენს იმედს მხოლოდ ღმერთზე უნდა ვამყარებდეთ, ასევე ისაუბრა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ხალხს გულწრფელი და დაუღალავი ლოცვისკენ მოუწოდა:
„მჯერა, რომ ლოცვას აქვს ძალა! პრობლემა, რაც დღეს მსოფლიოში გვაქვს, ცოდვის პრობლემაა. ხალხმა ღმერთს ზურგი აქცია. ამ აღდგომას ვლოცულობ, რომ ადამიანებმა უფალს მიაპყრონ მზერა, რადგან ის არის ერთადერთი ჩვენი იმედი. ამ აღდგომას ვლოცულობ, რომ ხალხმა მიმართოს ღმერთს, ზურგი აქციოს ცოდვას და ირწმუნოს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე.“
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“, რომლის პრეზიდენტიც ფრანკლინ გრემი გახლავთ, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარება უკრაინელებს. ორგანიზაციის 160 თანამშრომელი ცხელ წერტილებში საველე ჰოსპიტლებს ემსახურება, თავად გრემი ორჯერ იყო ჩასული უკრაინაში და აღდგომის დღესასწაულსაც ლვოვში შეხვდა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს საქართველოშიც. სააღდგომო ლიტურგია აღევლინა კათოლიკურ ტაძრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებშიც წირვა ტრადიციულად 23:30 საათზე იწყება.
აღდგომა იზეიმეს ბათუმის წმიდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში და ასევე ევანგელურ-ლუთერულ და სომეხთა სამოციქულო ეკლესიებშიც.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების დიდი ნაწილი აღდგომას 24 აპრილს იზეიმებს.