The World Watch List არის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის შესახებ. სიაში ჩამოთვლილია მსოფლიოს 50 ქვეყანა, სადაც ქრისტიანები რწმენის გამო იდევნებიან. ანგარიში ქვეყნდება ყოველი წლის დასაწყისში. მასში გამოყენებულია ორგანიზაცია Open Doors-ის საველე თანამშრომლებისა და გარე ექსპერტების მიერ მოწოდებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ხდება დევნის შეფასება და ანალიზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს იმ ქვეყნების პირველი ხუთეული, სადაც Open Doors-ის გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, ქრისტიანები უკიდურეს დევნას განიცდიან.
1. ავღანეთის ისლამური საამირო
მოსახლეობა: 40 218 234;
ქრისტიანთა რაოდენობა: რამდენიმე ათასი;
მთავარი რელიგია: ისლამი;
მმართველობა: უნიტარული დეობანდური დროებითი მთავრობა ავტოკრატიული მმართველობით.
ავღანეთი ტომობრივი საზოგადოებაა. ერთგულება ოჯახის, გვარისა და ტომის მიმართ უკიდურესად მნიშვნელოვანია. ისლამურ საზოგადოებაში ავღანელი ადამიანისათვის უკანონობად მიიჩნევა ისლამზე უარის თქმა.
ავღანეთში ქრისტიანული რწმენის ხმამაღლა აღიარება შეუძლებელია. ისლამზე უარის თქმა სირცხვილად მიიჩნევა, ხოლო ახალმოქცეული ქრისტიანები სასტიკი დევნის მსხვერპლნი ხდებიან. მათ ორი არჩევანი აქვთ: ან ქვეყანა უნდა დატოვონ, ან სიკვდილისთვის მოემზადონ. ასე იყო მანამდეც, სანამ ქვეყანაში მმართველობის სადავეებს თალიბანი ჩაიგდებდა ხელთ, თუმცა სიტუაცია ახლა კიდევ უფრო გაუარესდა. თალიბანს სურს, რომ ისლამურმა წეს-ჩვეულებებმა მტკიცედ გაიდგას ფესვი. ქრისტიანებიც იძულებულნი არიან, დაემორჩილონ ამ წესებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადამიანის ქრისტიანული რწმენის შესახებ გამჟღავნდება, ოჯახის წევრები, ტომი თუ კლანი ვალდებულნი არიან, გააძევონ იგი ან სიკვდილით დასაჯონ. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ისლამზე უარის თქმა სიგიჟედ მიიჩნევა, ქრისტიანობაზე მოქცეულები შესაძლოა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსონ.
რა შეიცვალა ავღანეთში?
2021 წლის 15 აგვისტოს თალიბანმა აიღო ქვეყნის დედაქალაქი ქაბული და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. უამრავმა ავღანელმა დატოვა ქვეყანა. ქრისტიანებისათვის არაფერი შეცვლილა, რადგანაც მანამდე ავღანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო ქრისტიანთა დევნის მხრივ ორგანიზაცია Open Doors-ის ჩამონათვალში. ქრისტიანებს სულ უფრო და უფრო უჭირთ საკუთარი რწმენის დამალვა, რადგან თალიბანი კონტროლს აძლიერებს.
2. ჩრდილოეთ კორეა
მოსახლეობა: 25 727 000;
ქრისტიანთა რაოდენობა: 300 000;
რელიგია: ათეიზმი/ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები;
მმართველობის ფორმა: დიქტატურა;
დიქტატორი: კიმ ჩენ-ინი.
ჩრდილოეთ კორეა ამჯერად მეორე ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები იდევნებიან. ფაქტებისა და მძიმე ბრალდებათა მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მტკიცედ უარყოფს ადამიანის უფლებათა რაიმე სახის დარღვევას კორეის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთ კორეაში თუ ქრისტიანებს აღმოაჩენენ, მათ შრომით ბანაკებში გზავნიან, როგორც პოლიტიკურ დამნაშავეებს, ანდა სულაც, ადგილზევე ხოცავენ. ქრისტიანთა დევნას ჩრდილოეთ კორეაში რადიკალური ფორმა აქვს. სხვა ქრისტიანებთან შეხვედრა და უფლის განდიდება თითქმის შეუძლებელია, თუ ეს სრულიად საიდუმლოდ არ მოხდა. ქვეყნის ბოლოდროინდელ აქტიურობას საერთაშორისო დიპლომატიაში, რომელიც 2018 წელს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებიდან დაიწყო, არავითარი ცვლილება არ მოუტანია ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.
ვარაუდობენ, რომ მთელი ჩრდილოეთ კორეის მასშტაბით, დაპატიმრებულია, დაახლოებით, 120 000-ზე მეტი ადამიანი. პატიმრებს მონებივით ეპყრობიან და ამუშავებენ. ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის ცნობით, კონგორის ციხეში მისი ყოფნის 8-თვიანი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 800 პატიმარი დაიღუპა მძიმე შრომისა და შიმშილის გამო.
3. სომალი
მოსახლეობა: 15 636 000;
ქრისტიანთა რაოდენობა: რამდენიმე ასეული;
მთავარი რელიგია: ისლამი;
მმართველობა: ფედერაციული რესპუბლიკა;
ლიდერი: პრეზიდენტი მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედი.
სომალიში ისევ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. იქ ისევ ტომობრივი წყობილებაა და გაბატონებულია ძალადობრივი ისლამისტური საომარი განწყობა. ქრისტიანობის მიღება ოჯახისა და გვარის ღალატად მიიჩნევა. თუ რომელიმე სომალელთან დაკავშირებით იეჭვებენ, რომ ის ქრისტიანობაზე მოექცა, ოჯახის წევრები და გვარის უფროსები იწყებენ მის დაშინებას, დევნას და შესაძლოა, მოკლან კიდეც. ისლამიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ადამიანები კარგ სამიზნედ იქცევიან ალ-შაბაბის სამხედრო დაჯგუფების წევრებისათვის, რომლებიც ქრისტიანებს ხშირად ადგილზევე ხოცავენ.
4. ლიბია
მოსახლეობა: 6 570 000;
ქრისტიანთა რაოდენობა: 36 200;
მთავარი რელიგია: ისლამი;
მმართველობა: გარდამავალი;
ლიდერი: პრემიერ-მინისტრი ფაიზ ალ-სარაჯი.
ქვეყანაში არ არსებობს ერთი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც კანონს დაიცავდა და წესრიგს დაამყარებდა. ეს კი ხელს უწყობს ზეწოლის უკიდურესი ფორმების გამოვლინებას როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ქრისტიანთა ცხოვრებაში. ისლამიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ლიბიელები ძალადობასა და ზეწოლას განიცდიან ოჯახებისა და საზოგადოების მხრიდან, რათა მათ საკუთარ რწმენაზე უარი თქვან. ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, ქრისტიანები ვერ სარგებლობენ იმავე უფლებებით, რომელი უფლებებიც აქვთ სხვა მოქალაქეებს; ქვეყანა არ აღიარებს ეკლესიას და არ შეიძლება ეკლესიების შენობების აშენება.
5. იემენი
მოსახლეობა: 29 58 000;
ქრისტიანთა რაოდენობა: რამდენიმე ათასი;
მთავარი რელიგია: ისლამი;
მთავრობა: ისლამური რესპუბლიკა;
ლიდერი: პრემიერ-მინისტრი მაინ აბდულ მალიკ საიდი.
იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ამან ქრისტიანების ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ომმა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს მოქმედებათა არეალის გაფაროების საშუალება მისცა. ისინი იტაცებენ და ხოცავენ ქრისტიანებს. აკრძალულია ეკლესიის ღია აქტივობები. ასევე აკრძალულია ისლამის დატოვება. ის მუსლიმანები, რომლებიც იესოს ირწმუნებენ, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ.
პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე ერიტრეა, ნიგერია, პაკისტანი, ირანი და ინდოეთი.
P.S. გთხოვთ, ილოცოთ ქრისტიანთათვის, რომლებიც იდევნებიან.