ასია ბიბი, პაკისტანელი ქრისტიანი ქალი, რომელმაც რვა წელიწადზე მეტი გაატარა სიკვდილით დასჯის მოლოდინში წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის ბრალდებით, ამბობს, რომ მისმა გამოცდილებამ რწმენაში უფრო გააძლიერა.
გასულ კვირას, ვაშინგტონში რელიგიური თავისუფლების სამიტის ბოლო დღეს სიტყვით გამოსვლისას, ის მოჰყვა ამბავს ფრინველის შესახებ, რომელიც მასთან ყოველ დილით მიდიოდა ციხის საკანთან, მათ შორის მაშინაც, როცა ციხიდან ციხეში გადაჰყავდათ. იგი ამას ღმერთისგან გამოგზავნილ ნიშნად მიიჩნევდა და გრძნობდა, რომ უფალი მასთან იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი.
გათავისუფლების შემდეგ, ის ოჯახთან ერთად კანადაში ცხოვრობს. იგი იძულებული გახდა, გაქცეულიყო პაკისტანიდან სიკვდილის მუქარის გამო. მან გაიხსენა გისოსებს მიღმა გატარებული წლები და თქვა, რომ იგი ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო პატიმრობის შემდეგ, მაგრამ კვლავ შეძლო იმედის პოვნა.
„ჩემი პურის ნამცეცებს და წყალს იმ ჩიტსაც ვუზიარებდი, რაც მამხნევებდა. როცა გამათავისუფლეს, მე ვიცოდი , რომ ეს იყო სასწაული, რომელიც უფლის ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა.
პაკისტანელ ქრისტიანებს ვუსურვებ, რომ განმტკიცდნენ თავიანთ რწმენაში, ხოლო ყველა სხვა ქრისტიანს მოვუწოდებ, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და ერთად დავდგეთ, ჩვენ გავხდეთ ხმა იმ ქრისტიანი და-ძმებისთვის, რომლებიც იტანჯებიან ქრისტეს გამო.” – თქვა მან სამიტზე.
შეგახსენებთ, რომ ხუთი შვილის დედა, ასია ბიბი, მეზობლების განცხადების საფუძველზე, 2009 წელს დააკავეს. მეზობლებმა ქალი მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, ასია ბიბის „ღვთის გმობისთვის“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა გასული წლის ოქტომბერში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა და ის უდანაშაულოდ ცნო, რასაც პაკისტანში რადიკალთა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ასია ბიბის იზოლირებულ საკანში ყოფნა მოუწია, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. საბოლოოდ, იგი მსოფლიოს მხარდაჭერის შედეგად გაათვისუფლეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.