„Fox News“-ის წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, „ოსკარის“ ლაურეატი მსახიობი ჯონ ვოიტი ჰყვება, თუ როგორ შეხვდა ღმერთს საკუთარ თავში გაურკვევლობის პერიოდში, რამაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.
„ძალიან დიდ გასაჭირში ვიყავი, ბევრი პრობლემა მქონდა და უამრავი რამისგან ვიტანჯებოდი. ჩემი კარიერა დინამიკურად მიდიოდა და ბევრი რამ ხდებოდა იმ დროს. ჩემი ურთიერთობები მეუღლესთან, შვილებთან საკმაოდ დამღლელი იყო ჩემთვის და ერთ დღესაც ვთქვი: ეს მეტისმეტად რთულია. სწორედ ამ დროს მოვისმინე ხმა, რომელიც ამბობდა: ‘ეს ასეც უნდა იყოს.’ ეს იყო სიბრძნის, სიკეთისა და სიწმინდის ხმა.
მაშინ მივხვდი, ეს რას ნიშნავდა, მე მარტო არ ვარ. მან ყველაფერი იცის, ის მიცნობს მე. აი, რას ნიშნავდა ის ხმა ჩემთვის. მე ვიგრძენი ეს საოცარი ენერგია. ის მაძლევს ძალას, რომ არ დავნებდე. მას გეგმა აქვს ჩემს ცხოვრებაში და უამრავ გზას მიხსნის. ამის შემდეგ თავი ძალიან კარგად ვიგრძენი.“ – აცხადებს მსახიობი.
„ახლა ვიცი, რომ დაცულნი ვართ. ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ, ღმერთისთვის ცნობილია. როგორც ნათქვამია, ღმერთის ნების გარეშე ერთი ბეღურაც კი არ ჩამოვარდება დედამიწაზე. ღმერთს ვუყვარვართ და ის გვეხმარება ჩვენ. ჩვენი მოვალეობაა, წამოვდგეთ, ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ გასამარჯვებლად.
ჩვენი მიზანია, ვისწავლოთ, რათა გავიზარდოთ. სწორედ ამიტომ, ლოცვიდან მეორე დღეს ვკითხე უფალს: ‘დღეს რას მიმზადებ, ღმერთო?’
მე მეშინია ღმერთის, მეშინია მისი განაწყენების, რადგან ღმერთი ყველაფერია, ის სიყვარულია.“ – განაცხადა ინტერვიუს დასასრულს მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ვოიტი არის ამერიკელი მსახიობი, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში მოიპოვა „ოსკარის“ ოთხი ნომინაცია და ერთი ჯილდო, და „ოქროს გლობუსის“ ცხრა ნომინაცია და ორი ჯილდო.