უკრაინაში მიმდინარე ომისა და ადამიანურ ტრაგედიათა ფონზე სულ უფრო მეტ დამოწმებას ვხვდებით უკრაინელი ქრისტიანებისგან, რომლებიც ამ რთულ სიტუაციაში ხედავენ შესაძლებლობას, დაეხმარონ სხვა ადამიანებს და მიუტანონ უფლის სიტყვა მათ, ვისაც ის ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
„მე მარინა ვარ. ახლა ვინიცაში (უკრაინაში) ვიმყოფებით მთელი ოჯახი, ექვსივე ბავშვით (ყველაზე პატარა მათგან 3 წლისაა). ომის პირველ დღეებში ვფიქრობდით, ხომ არ წავსულიყავით უკრაინიდან, მაგრამ შემდეგ ვილოცეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავრჩებოდით და ვიქნებოდით სხვებთან ერთად, რადგან ბევრ ოჯახს არ შეუძლია, წავიდეს ქვეყნიდან. ვიღაცას არ აქვს სახსრები, ვიღაცას სამხედრო ვალდებულება აქვს, ვიღაცას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი ჰყავს. ასე რომ, გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით, მაგრამ არა შიშის გამო, არამედ იმისათვის, რომ გაგვეკეთებინა ის, რასაც ღმერთი მოელის ჩვენგან! იცით, ჩვენ ყველანი ველოდებოდით ‘უფლის შეწყალების წელს’, როგორც წმინდა წერილში წერია, თუმცა ამას სხვანაირად წარმოვიდგენდით. მაგრამ ახლა, სწორედ ახლა მოვიდა ეს დრო ეკლესიისთვის უკრაინაში!
ჩვენ ვიღებთ ხალხს, რომლებიც თავიანთი ქალაქებიდან გამორბიან. ყოველდღიურად 300-ზე მეტ ადამიანს, როგორც ეკლესიის შენობაში, ისე მორწმუნეების სახლებში. ვიღებთ მათაც, ვინც ჩვილი ბავშვებით არიან; ერთად ვლოცულობთ, ერთად გავრბივართ სარდაფებში, როდესაც სირენები ირთვება, მიგვყავს ისინი საავადმყოფოში საჭიროების შემთხვევაში, ვეძებთ ბავშვის საფენებს, ინსულინს, ბენზინს, მანქანის ნაწილებს… და ერთი-ორი დღე-ღამის განმავლობაში ეს ადამიანები ღმერთსა და ქრისტიანებზე გაცილებით მეტს იგებენ, ვიდრე ასობით ევანგელიზაციის მეშვეობით. ისინი მშობლიურები ხდებიან ჩვენთვის ამ დროის განმავლობაში. ისინი სწავლობენ ლოცვას, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ასწავლის მათ ამას. ისინი პირობას დებენ, რომ არასოდეს გაიკეთებენ აბორტს, არამედ გააჩენენ ბავშვებს მას შემდეგ, რაც თუნდაც ერთ დღე-ღამეს ატარებენ მრავალშვილიან ოჯახში. ისინი გვირეკავენ და გვწერენ, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე არ მივლენ.
ისინი გვატყობინებენ თავიანთი სიხარულის შესახებ, რომ გააჩინეს ბავშვი და ესა და ეს სახელი დაარქვეს იმ ოჯახის გოგონას და ბიჭუნას პატივსაცემად, სადაც ცხოვრობდნენ… ისინი გვწერენ, რომ აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთმანეთს ომის შემდეგ და ერთად ვივახშმებთ უკვე არა სარდაფში, არამედ პოლონეთის, ისრაელის, აშშ-ის, ერაყის რომელიმე რესტორანში… დიახ, დიახ, ერაყში… ჩვენთან ღამეს ათევდა ერთი სტუდენტი ბიჭი ერაყიდან, რომელმაც არ იცოდა არც უკრაინული და არც რუსული. ეშინოდათ მისი მიღება გარეგნობის გამო, ჩვენ კი მივიღეთ ის, ჩემი გოგონები თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად. როდესაც მან ცხელი კერძი და ბალიში დაინახა, ტირილი დაიწყო… ხოლო როდესაც დილით ჩემი ყველაზე პატარა 3 წლის შვილი მას ჩაეხუტა, ის უბრალოდ სიყვარულისგან გაინაბა… ის ჩვენთვის შვილივით გახდა… ჩვენ ის გავაცილეთ საზღვრისკენ, რათა გადასულიყო პოლონეთში, ხოლო იქიდან გაფრენილიყო ფინეთში თავის ძმასთან. მთელი გზა ყოველ ორ საათში გვირეკავდა და მადლობას გვიხდიდა. გუშინ კი ფოტო და ვიდეო გამოგვიგზავნა იმისა, თუ როგორ შეხვდა ახლობლებს… ასეთი ასობით ისტორია გვაქვს. არ შემიძლია ყველას მოყოლა, დრო არ მაქვს… მაგრამ ძალიან მადლიერები ვართ ღმერთის ამ ყველაფრისთვის! ვიცი, რომ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ხვალ ისევ დედამიწაზე გავიღვიძებთ, ამიტომ ყოველ წუთს ვიყენებთ. ახლა ჩვენში სიკეთე, სიყვარული, რწმენა და იმედი ჭარბობს!“ – წერს ევანგელისტი ქრისტიანი მარინა დანილჩენკო ქალაქ ვინიცადან.