რამდენიმე დღის წინ თეოლოგმა და ბესტსელერი წიგნების ავტორმა ტიმ კელერმა სოციალურ ქსელში კარგი სიახლე გააჟღერა იმის შესახებ, რომ სიმსივნე ზომაში არ გაზრდილა. ტიმ კელერს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე გასულ წელს დაუდგინეს.
„მაისში გადამიღეს რენტგენი, საბედნიეროდ, ნაკლებად აგრესიული ქიმიოთერაპიის შედეგად, სიმსივნის ზომაში მატება არ შეინიშნება. მაისის ბოლოს ჩატარებულმა ოპერაციამ გააქრო ის კვანძები, რომლებიც 9 თვის განმავლობაში უცვლელად რჩებოდა ადგილზე.
ამ ეტაპზე ხილული რჩება მხოლოდ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის საწყისი უჯრედები. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ის ან საერთოდ გაქრეს, ან ზომაში უცვლელი დარჩეს. ჩვენ გვსურს, რომ ყველა სიტუაციით ღმერთი განდიდდეს და ‘და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი’ (ებრაელთა მიმართ 12:1-2).“ – წერს ის „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
კელერი ახლა ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ის ინარჩუნებს რწმენას და ამბობს, რომ ღმერთი „მუდამ მოსიყვარულე, ბრძენი და კეთილია“. ის ხშირად სწერს წერილებს ოჯახს, ესაუბრება zoom-ის მეშვეობით და სიამოვნებას იღებს შვილიშვილებთან ურთიერთობით. იგი მადლობას უხდის მასზე მლოცველ ადამიანებს.
მაშინ, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ის მუშაობდა წიგნზე, სახელწოდებით „იმედი შიშის დროს“, რომელიც ძირითადად ეხება აღდგომის განმაახლებელ ძალას.
„მართალია ამ წიგნზე ვმუშაობდი, მაგრამ მაინც მაწუხებდა აზრი, რომ გარდავიცვლებოდი. გადავხედე ჩემს ცხოვრებას და აღმოვაჩინე, რომ აღდგომის ძალა ბოლომდე არ მქონდა გააზრებული. მივხვდი, რომ უფრო მეტი რწმენა მჭირდებოდა აღდგომის მიმართ როგორც ინტელექტუალურად, ისე გონებრივად. საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ თუკი გსურთ, ჩასწვდეთ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას, ჩაიძირეთ მასში და სთხოვეთ სულიწმიდას, რომ გაგიცხადოთ იგი, ის კი ამას გააკეთებს.“ – ამბობს ტიმ კელერი.
ტიმ კელერი არის ნიუ-იორკის პრესვიტერიანული ეკლესიის დამაარსებელი და სხვადასხვა ბესტსელერის ავტორი, ასევე, თანადამფუძნებელი ევანგელისტური ეკლესიების ქსელისა „The Gospel Coalition“.