კალიფორნიის სედლბეკის ეკლესიის ხუცესმა რიკ უორენმა კვირას, 6 ივნისს, განაცხადა, რომ ოფიციალურად იწყებს თავისი მემკვიდრის ძებნას, რითიც მან მიანიშნა იმაზე, რომ კათედრასთან გატარებული 40 წლის შემდეგ ის გადადგომას აპირებს.
სედლბეკის ეკლესია (Saddleback Community Church) რიკ უორენმა დააფუძნა 1980 წელს. ის არის მეორე უდიდესი ეკლესია სამხრეთის ბაპტისტთა კონვენციაში, რომელიც მეორე ყველაზე დიდი დენომინაციაა ამერიკაში.
„ეს ძალიან დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან მე ერთადერთი წამყვანი ხუცესი ვიყავი, რომელიც ჩვენს ეკლესიას ჰყოლია. 42 წლის განმავლობაში კეიმ და მე ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა და ველოდებოდით ღმერთის მიერ განსაზღვრულ დროს.“ – თქვა უორენმა კვირის ონლაინმსახურებაზე.
ხუცესი უორენი ყველაზე ცნობილია თავისი წიგნით „მიზანდასახული ცხოვრება“, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა და 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. გაყიდვიდან შემოსული თანხის 90% უორენმა ეკლესიას შესწირა.
რიკ უორენი მიიჩნევა ერთ-ერთ წამყვან ლიდერად ეკლესიის ზრდისა და გაფართოების საკითხებში. ჟურნალმა „Time Magazine“ ის „მსოფლიოს ას ყველაზე გავლენიან ადამიანს“ შორის დაასახელა, ხოლო ჟურნალმა „Newsweek“ ის შეიყვანა სიაში „15 ადამიანი, ვინც ამერიკას დიდებულად აქცევს“. რიკ უორენი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხუცესია ქვეყანაში და მას ხშირად ბილი გრემს ადარებენ თავისი მახარებლური სულისა და პოპულარობის გამო.
„მისმა სტაბილურმა ხელმძღვანელობამ, პრაქტიკულმა სწავლებებმა და ქრისტესადმი სიყვარულმა მილიონობით ადამიანი აკურთხა. მე მას ჩვენი თაობის სულიერ გიგანტად მივიჩნევ. ჩემთვის პატივია, რომ მის მეგობრად ვიწოდები.“ – წერს რიკ უორენის შესახებ ცნობილი ხუცესი, ავტორი და სპიკერი მაქს ლუკადო.