1-ლი დეკემბრიდან თვის ბოლომდე, ჰიპერმარკეტ „კარფურში“, „ისტ პოინტის“ და „თბილისი მოლის“, 4 დეკემბრიდან კი ბათუმის „ბლექ სი მოლის“ ფილიალებში უცნაურად გაფორმებულ ნაძვის ხეებს შეხვდებით. საშობაო ხის ტოტები სათამაშოების ნაცვლად პატარების საშობაო სურვილებითაა მორთული. ეს „ხსნის არმიის“ საშობაო-საახალწლო სოციალური პროექტი გახლავთ.
„ნატვრის ხე“, იგივე „ანგელოზის ხე“ 2010 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებში, ასევე ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების შეგროვებას.
„ნატვრის ხეები“ წარმოდგენილია „ისტ პოინტის“ და „თბილისი მოლის“, ასევე „კარფურის“ ფილიალებში, სადაც „ხსნის არმიელი“ მოხალისეები ელიან რიგით ადამიანებს. ადამიანებს, რომლებიც მოისურვებენ პასუხისმგებლობის აღებას ერთი ბავშვისთვის შობის გალამაზებაზე.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, ოჯახებს, კერძო პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს, რომელთაც სურთ, გახდნენ პროექტის ერთ-ერთი დონორი. მონაწილეობის მსურველებს გადაეცემათ სპეციალური ბარათები, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ბავშვის და მისი საახალწლო სურვილის შესახებ. ბავშვები, რომელთა სურვილებსაც „ხსნის არმია“ სექტემბრიდან აგროვებს ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში, არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან.
2 დეკემბრიდან ასევე ამოქმედდება საიტი, სადაც განთავსდება პატარების სურვილები და დონორობის მსურველებს ონლაინ შეეძლებათ მათი არჩევა.
შეგახსენებთ, რომ „ხსნის არმია“ ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც ცნობილია საქველმოქმედო და სოციალური პროექტებით. „ხსნის არმია“ 1865 წელს ლონდონში დაარსდა მეუღლეების, უილიამ და კეტრინ ბუთების მიერ და ახალმა მოძრაობამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწრაფად პოვა გავრცელება. დღესდღეობით, ეკლესია მსოფლიოს 130 ქვეყანაში მოღვაწეობს, მათ შორის, საქართველოში – 1993 წლიდან.
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ პროექტში და გახდეთ სპონსორი, დაუკავშირდით:
Sophia.bakhtadze@eet.salvationarmy.org / Tel: +995 598 19 07 08
Victoria.tungia@eet.salvationarmy.org / Tel: +995 599 39 62 01
Nino.galustian@eet.salvationarmy.org / Tel: +995 593 53 03 12