მახარებელი და მასწავლებელი ენ გრემ ლოტზი (ბილი გრემის შვილი) პასუხობს კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა კორონავირუსი ბოლო დროის ნიშანი.
ენ გრემმა, რომელმაც გასულ ოქტომბერში დაასრულა ქიმიოთერაპიის კურსი მკერდის სიმსივნის გამო, აღიარა, რომ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო დიდია რისკი ვირუსით დაინფიცირებისა, მაგრამ დასძინა: „მე უფრო მეტად კორონავირუსით გამოწვეული შიში მაღელვებს და არა თავად ვირუსი. ჩანს, რომ ერი საყოველთაო პანიკამ მოიცვა.“
ენ გრემმა თავის ბლოგში ლუკას სახარების ორი მუხლის შესახებ ისაუბრა.
იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.
„ამ ყველაფერზე ფიქრისას მახსენდება იესოს სიტყვები. მან გაგვაფრთხილა, რომ დროთა აღსასრულს ბევრი გასაჭირი იქნებოდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გადავიტანეთ მწვავე რესპირატორული სინდრომი, ღორის გრიპი, ებოლა, ფრინველის გრიპი და ახლა კორონავირუსი. შეიძლება, რომ კოვიდ-19 კიდევ ერთი ნიშანი იყოს იმისა, რომ ჩვენი ხსნა ახლოა? ბოლო დროა? იესო მალე დაბრუნდება? თუ ასეა, ჩნდება კითხვა: არის თუ არა შიში მართებული რეაქცია?“
ენ გრემი ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში სწორი რეაქცია ისაა, რომ ზეცას მივაპყროთ ჩვენი მზერა: „ახლა იმის დროა, რომ მუხლებზე დავდგეთ და ზემოთ ავიხედოთ, რადგან ის არის ‘ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება’“ (ფსალმუნი 45:1-2).
ბლოგის დასასრულს მან მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა და საკუთარი სულიერი მდგომარეობის შეფასება სთხოვა.
„ეს არის დრო იმისათვის, რომ ვილოცოთ ჩვენს თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ერზე და ყველა ადამიანზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა ცხოვრებაც საფრთხის ქვეშაა ამ დაავადების გავრცელების გამო. ჩვენ უნდა დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ სათანადოდ ვდგავართ უფლის წინაშე, რათა ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ მასთან შესახვედრად. ვუთხრათ სხვებსაც, რომ ქარიშხალშიც კი შესაძლებელია სიმშვიდისა და ხვალინდელი დღის იმედის შენარჩუნება, რადგან უფალი იესო გვპირდება: ‘აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე’“ (მათე 28:20)