როგორ წავიკითხოთ ბიბლია?

2560 ნახვა
121 გაზიარება
0 კომენტარი

ეცადე, შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. 2 ტიმოთეს 2:15 – სბს სტოკჰოლმი 2001

მრავალმა არ იცის ღვთის სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, რადგან უბრალოდ არ იციან, როგორ წაიკითხონ ის.
როგორ ვისწავლოთ კითხვის დროს? უბრალოდ უნდა ვიკითხოთ და შემდეგ ვცადოთ გაანალიზება, თუ კითხვის პროცესშივე უნდა ვისწავლოთ? კითხვა კითხვისთვის, თუ კითხვა სწავლისთვის?

ხუცესი დონ მაკმინი რამდენიმე ძირითად რჩევას გვაძლევს, თუ როგორ გამოვიმუშაოთ საჭირო ჩვევები ბიბლიის სწორად კითხვისთვის და როგორ გავიაზროთ წაკითხული მასალა:

1. კითხვა

ის, ვინც არ კითხულობს, არაფრითაა უკეთესი იმაზე, ვისაც კითხვა არ შეუძლია. მარკ ტვენი

ისინი, ვინც კითხულობენ, უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ისინი, ვისაც შეუძლიათ და ამას არ აკეთებენ. დონ მაკმინი

აქციეთ კითხვა თქვენს ჩვევად. ზოგიერთი ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს, სხვები – მხოლოდ კვირის ბოლოს. იყოს კითხვა თქვენი პრიორიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ვერ გააკეთებთ.

2. აირჩიეთ ისეთი საშუალება კითხვისთვის, რომლითაც სწავლას შეძლებთ

განსხვავება არსებობს გასართობად კითხვას, კითხვისგან სიამოვნების მიღებასა და სწავლის მიზნით კითხვას შორის. მაგალითად, ყოველდღიურ გაზეთებს ვკითხულობ იმისთვის, რომ მოვდუნდე და ახალი ამბები შევიტყო, თუმცა არ ვცდილობ, მათი საშუალებით რაიმე ვისწავლო. ყოველ წელს რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს ვკითხულობ, მაგრამ არ მოველი, რომ აქედან ბევრს ვისწავლი. მათ სიამოვნებისთვის ვკითხულობ.

გადაწყვიტეთ, რომ იკითხოთ სწავლის მიზნით

პირველი, განსაზღვრეთ, როგორი საკვები ესაჭიროება თქვენს გონებას, ისევე, როგორც სხეულისათვის საკვების შერჩევისას ვიქცევით ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. მსგავსადვე, გვჭირდება ინტელექტუალური კვება.

მეორე გამოწვევაა, რომ ვიპოვოთ შესაბამისი მასალა, რომლიდანაც შევძლებთ სწავლას. სათანადოდ შეაფასეთ, რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს ის.

არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა კარგი მასალის მოსაძებნად:

  • მიიღეთ რეკომენდაციები მეგობრებისგან, რომლებიც სწავლობენ კითხვის საშუალებით.
  • წაიკითხეთ წიგნის მიმოხილვა.
  • წაიკითხეთ პერიოდული გამოცემები, რომლებიც გამოკვებავს თქვენს გონებას. მაგალითად, მე ვიწერ ჟურნალებს: “National Geographic”, “Smithsonian”, “the Harvard Business Review”.

დააკვირდით, როგორ წიგნებზე მუშაობაა თქვენთვის მოსახერხებელი. მაგალითად, მე არ მიყვარს დიდი წიგნების კითხვა, რომლებიც მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ გვიყვება; არ მაქვს საკმარისი მოთმინება. მე უფრო ზოგადი საკითხები მაინტერესებს, ასე რომ, მირჩევნია, წავიკითხო სამი პატარა წიგნი სამ სხვადასხვა საკითხზე, ვიდრე ერთი დიდი წიგნი ერთ საკითხზე.

ძალიან მიყვარს ნიუ-იორკი და მისი ხიდები. დავიწყე წიგნის კითხვა ამ საკითხზე, მაგრამ 40 გვერდის შემდეგ გავჩერდი. სულ 560 გვერდი იყო. მინდოდა, მეტი გამეგო ხიდების შესახებ, მაგრამ არც ამდენი, ამიტომაც შევწყვიტე კითხვა.

განსაზღვრეთ, რისი წაკითხვა გირჩევნიათ, თქვენი გემოვნებიდან და ინტერესის სფეროდან გამომდინარე.

3. გამოიყენეთ კითხვის ისეთი პროცესი, რომელიც დაგეხმარებათ სწავლაში: წაიკითხეთ და მოინიშნეთ

ერთხელ ორგანიზაციის აღმასრულებლების ჯგუფს ვკითხე: „ვის წაუკითხავს ჯიმ კოლინსის წიგნი ‘კარგიდან დიდებულისკენ’”? – 70%-მა აიწია ხელი. შემდეგ ვკითხე: „შეუძლია რომელიმეს, გაიხსენოს რომელიმე ძირითადი პრინციპი წიგნიდან“? – ცარიელი მზერა და სიჩუმე შემრჩა ხელში. ბოლოს, ერთმა კაცმა ჩაიბუტბუტა რაღაც სამი სიტყვა. კოლინსის მართლაც დიდებული წიგნი ამ აღმასრულებლებისთვის საერთოდ არ აღმოჩნდა ღირებული, რადგან არც კი ახსოვდათ, რაც წაიკითხეს. არასოდეს დამავიწყდება ეს მომენტი. აქედან ვისწავლე, რომ მხოლოდ წიგნის წაკითხვა საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც წიგნიდან ნასწავლის დამახსოვრებაში დაგვეხმარება. ჩემთვის უკვე ჩამოვაყალიბე სათანადო სისტემა. გამოიყენეთ იგი, როგორც ზოგადი სტრუქტურა საკუთარი სისტემის შესაქმნელად.

სანამ კითხვას დაიწყებთ, დაახლოებით 10 წუთი იფიქრეთ, თუ რა მოლოდინი გაქვთ, რის სწავლას იმედოვნებთ. რა არის სათაური? რატომ აირჩიეთ ეს წიგნი თუ პერიოდული გამოცემა? ვინაა ავტორი? რატომ უნდა დახარჯოთ დრო ამ მასალის კითხვაზე? რა გავლენას მოახდენს ეს თქვენს ცხოვრებაზე? შეისწავლეთ სარჩევი, რათა წარმოდგენა შეგექმნათ წიგნზე.

  • იკითხეთ წიგნი ხელში კალამმომარჯვებულმა. თქვენთვის მნიშვნელოვანი ფრაზის წაკითხვისას, მონიშნეთ ან ხაზი გაუსვით მას, ანდა ფურცლის ზედა ან ქვედა კიდეზე აღიშნეთ (მაგალითად, ერთი სიმბოლო ნიშნავს, რომ „კარგია“, ორი სიმბოლო – „ძალიან კარგია“, სამი – „შესანიშნავია“), მინდორზე დაწერეთ საკვანძო სიტყვები ან თქვენი მოსაზრებები.
  • ყველა ადამიანისათვის არსებობს დღე-ღამის ისეთი მონაკვეთიი, როცა მას ყველაზე კარგად შეუძლია ყურადღების კონცენტრირება კითხვისას. იკითხეთ, სანამ თქვენი გონება შეძლებს, შემდეგ წიგნი გვერდზე გადადეთ, ან სხვა წიგნზე გადადით. ჩვეულებრისამებრ, ერთდროულად სამი წიგნის კითხვა შემიძლია: ერთს 20 წუთის განმავლობაში ვკითხულობ, მეორეს – კიდევ 20 წუთი. ეს კარგი პრაქტიკაა კითხვის დროს საკითხავზე კონცენტრაციის უნარის გამოსამუშავებლად.
  • გაავლეთ პარალელები საკითხავ მასალასა და რეალურ ცხოვრებას შორის. როგორ შეიძლება წიგნში ასახული მოსაზრებების რეალურ ცხოვრებაში გაცოცხლება? სხვებისთვის გაზიარება სწავლის პროცესში გვეხმარება.
  • როდესაც წიგნის კითხვას დაამთავრებთ, რამდენიმე კვირით გვერდზე გადადეთ.

4. მოინიშნეთ საკვანძო მოსაზრებები

ხელახლა წაიკითხეთ წიგნი, ყურადღება გაამახვილეთ მონიშნულ მონაკვეთებზე. ეს იმ დროის 1/5-ს მოითხოვს, რაც პირველ ჯერზე წიგნის კითხვას მოანდომეთ. ჩაიწერეთ დღიურში ან შენიშვნების ბლოკნოტში წიგნში არსებული მნიშვნელოვანი მოსაზრებები და მონაკვეთები. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ და ვიმახსოვრებთ მაშინ, როდესაც ხელით ვწერთ და არა მაშინ, როდესაც კლავიატურაზე ვკრეფთ ინფორმაციას. რამდენიმე კვირის შემდეგ ხელახლა წაიკითხეთ ის, რაც ბლოკნოტში ჩაიწერეთ: შესავალი, უმთავრესი აზრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გინდათ, რომ დაგამახსოვრდეთ.

5. დაიმახსოვრეთ ძირითადი მოსაზრებანი

ცოდნა დამახსოვრების გარეშე უსარგებლოა, ამრიგად, უნდა დაიმახსოვროთ ძირითადი მოსაზრებები და კონცეფციები. დამახსოვრების პროცესში მოსაზრებები კიდევ უფრო დაიხვეწება, ჩამოყალიბდება და წლების განმავლობაში უფრო ნათელი გახდება.

მაგალითად, წლების წინ დავიმახსოვრე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც სკოტ ფიცჯერალდს ეკუთვნის: „უმაღლესი გონებრივი შესაძლებლობის მაჩვენებელია უნარი, ორი დაპირისპირებული იდეა გქონდეს გონებაში ერთდროულად და ნორმალურად განაგრძობდე ფუნქციონირება.“ როდესაც პირველად ეს წინადადება დავიმახსოვრე, დარწმუნებული არ ვიყავი, რას ნიშნავდა იგი, მაგრამ წლების განმავლობაში ჩემს გონებაში დარჩა და ერთ დღეს გაცოცხლდა. ახლა ეს ფრაზა ჩემი გონებისათვის ნუგეშია და სიმშვიდის მომტანი.

ახლახან ეს წინადადება დავიმახსოვრე: „არ გახდე უსამართლობისა და სისულელის უბრალო მაყურებელი.“ ამ წინადადებას მყისიერი გავლენა ჰქონდა ჩემს ურთიერთობებსა და სოციალურ ჩართულობაზე.

განავითარეთ ინდივიდუალური მეხსიერების სისტემა. ზოგიერთი ადამიანი ბარათებს იყენებს ამისთვის. მე ვიყენებ სპეციალურ აპლიკაციას (https://evernote.com), ამრიგად, შემიძლია, ნებისმიერ დროს გავხსნა ჩემი ჩანაწერები კომპიუტერსა თუ მობილურში.

დამახსოვრების გასაღებია გამეორება და მიმოხილვა

6. გამოიყენე ცოდნა ცხოვრებაში

ბოლოს და ბოლოს, მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში, რადგან ცოდნას პრაქტიკაში გამოყენების გარეშე მინიმალური სარგებელი აქვს.

ავტორებმა, პფეფერმა და სატონმა, დაწერეს არაჩვეულებრივი წიგნი სათაურით: „ცოდნასა და პრაქტიკას შორის არსებული უფსკრული: როგორ აქცევენ საზრიანი კომპანიები ცოდნას მოქმედებად“. ეს არის შესანიშნავი საკითხავი, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე მდგარ დილემაზე მიუთითებს: რატომ გვიჭირს იმის კეთება, რაც ვიცით, რომ უნდა გავაკეთოთ? რატომაა, რომ ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ?

ყოველგვარი ცოდნის გამოყენება ცხოვრებაში შეუძლებელია. მაგალითად, ახლახან გავიგე, რომ 750 000 ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადთან ნაცისტების ალყის პერიოდში. ამ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ, პრაქტიკულ ცხოვრებაში რთულია; თუმცა, რაც მეტად დავაკავშირებთ ჩვენს ცოდნასა და ცხოვრებას, ჩვენთვისვე იქნება სარგებლის მომტანი.

შეჯამება:

1. წაიკითხეთ;
2. შეარჩიეთ კარგი მასალა;
3. წაიკითხეთ და მოინიშნე;
4. აწარმოეთ ჩანაწერები საკვანძო მოსაზრებებისთვის;
5. დაიმახსოვრეთ ძირითადი მოსაზრებები;
6. გამოიყენეთ ისინი ცხოვრებაში.

დონ მაკმინი – ავტორი და მასწავლებელი

წყარო: http://www.preachitteachit.org