ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

დანგრევას გადარჩენილი ოჯახის ისტორია

by თამუნა ბაღდავაძე 13 იანვარი, 2021
13 იანვარი, 2021 2K ნახვა

ცნობილი ამერიკელი მწერალი, რიჩარდ პოლ ევანსი, გვიამბობს, თუ როგორ იხსნა უბრალო ფრაზამ მისი ოჯახი დანგრევისგან.

ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, ჯენამ, ცოტა ხნის წინ მითხრა: „პატარა რომ ვიყავი, ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ შენ და დედა გაშორდებოდით, მაგრამ როდესაც 12 წლის გავხდი, გადავწყვიტე, რომ, შესაძლოა, ეს უკეთესიც ყოფილიყო. თქვენ ხომ ისედაც გამუდმებით ჩხუბობდით!“ მან გაიღიმა და დაამატა: „მიხარია, რომ მაინც გაუგეთ ერთმანეთს.“

მრავალი წლის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს, კერის, სასტიკი ბრძოლა გვქონდა. უკან რომ ვიხედები, მიკვირს, საერთოდ როგორ გადავწყვიტეთ დაქორწინება. ჩვენი ხასიათი ნაკლებად ესადაგებოდა ერთმანეთს და რაც უფრო მეტხანს ვცხოვრობდით ერთად, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა იჩენდა თავს ჩვენ შორის. სიმდიდრემ და დიდებამ ვერ გაგვიიოლა ცხოვრება. პირიქით, წინააღმდეგობა უფრო გაძლიერდა. ჩვენ შორის დაძაბულობამ იქამდე მიაღწია, რომ ჩემი წიგნის პოპულარიზებისათვის დაგეგმილი ტურნე ხსნად მეჩვენებოდა, თუნდაც დროებით ხსნად. ჩვენ იმდენად ხშირად ვჩხუბობდით, რომ უკვე წარმოუდგენელი იყო ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება. ერთმანეთს გულს ვტკენდით და შემდეგ ორივე საგულდაგულოდ ვმალავდით ტკივილს, ქვის კედლებს მიღმა, რომლებსაც ჩვენი გულების ირგვლივ აღვმართავდით. განქორწინების ზღვრამდე მივედით და არაერთხელ განვიხილეთ ეს საკითხი.

მე ტურნეში ვიყავი, როდესაც ძაფი გაწყდა. ჩვენ ის-ის იყო, ისევ საშინლად ვიჩხუბეთ ტელეფონით და კერიმ დაკიდა ყურმილი. მე ვგრძნობდი მრისხანებას, უძლურებას და ღრმა მარტოობას. მივხვდი, რომ მივაღწიე საზღვარს და მეტის ატანა უკვე აღარ შემეძლო.

მაშინ მივმართე ღმერთს, ან თავს დავესხი მას. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ლოცვა უწოდო იმას, რასაც გავყვიროდი იმ წუთებში, მაგრამ ის სიტყვები ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. ღმერთს ვუყვიროდი, რომ ეს ქორწინება შეცდომა იყო და რომ ასე ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო. კი, განქორწინების იდეა საძულველია ჩემთვის, მაგრამ თანაცხოვრებით გამოწვეული ტკივილით უკვე ძალიან ვიყავი გაწამებული. მრისხანების გარდა დაბნეულობასაც ვგრძნობდი. ვერ ვიგებდი, რატომ გვიჭირდა ერთად ყოფნა ასე ძალიან მე და კერის. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ჩემი ცოლი კარგი ადამიანი იყო. მეც კარგი ადამიანი ვარ. მაშ, რატომ არ გამოგვდის ურთიერთობათა დალაგება? რატომ ვიქორწინე იმ ქალზე, რომლის ხასიათიც არ შეესაბამება ჩემსას? რატომ არ სურს მას შეცვლა?

ბოლოს და ბოლოს, ხმაჩახლეჩილი და განადგურებული იატაკზე დავჯექი და ავქვითინდი. სასოწარკვეთის სიბნელიდან სინათლემ გამოანათა. შენ არ შეგიძლია მისი შეცვლა, რიკ. შენ მხოლოდ შენი თავის შეცვლა ძალგიძს… „თუ მე არ შემიძლია მისი შეცვლა, უფალო, მაშინ მე შემცვალე“, ვლოცულობდი შუაღამისას. ვლოცულობდი მომდევნო დღესაც, სახლში დაბრუნების დროს. ვლოცულობდი სახლის ზღურბლზე, სადაც გულცივი ცოლი მელოდა, რომელიც, სავარაუდოდ, ერთი შემოხედვის ღირსადაც არ ჩამთვლიდა. იმ ღამეს, როდესაც ჩვენ ასე ახლოს ვიწექით ერთმანეთთან ჩვენს სარეცელზე და თან ასე შორს ერთმანეთისგან, მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა.

მომდევნო დილით, ჯერ კიდევ საწოლში, მივუბრუნდი კერის და ვკითხე: „როგორ ვაქციო შენი დღე უკეთესად?“

კერიმ გაბრაზებით შემომხედა: „რა“?

„არანაირად, რატომ მეკითხები?“

„იმიტომ, რომ სერიოზულად მაინტერესებს”, – ვუპასუხე მე. – „უბრალოდ მინდა ვიცოდე, როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი.“

მან ცინიკურად შემომხედა. „შენ გინდა რაიმეს გაკეთება? შესანიშნავია. მაშინ სამზარეულო დაალაგე“. ჩანს, ჩემი ცოლი ფიქრობდა, რომ მძვინვარებისგან ვიფეთქებდი. მე თავი დავუქნიე: „კარგი“.

ავდექი და დავალაგე სამზარეულო.

მომდევნო დღეს ზუსტად იგივე ვკითხე: „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“

„მიალაგე ავტოფარეხი.“

მე ღრმად ჩავისუნთქე. იმ დღეს ყელამდე მქონდა საქმეები და ვხვდებოდი, რომ ჩემმა ცოლმა ეს განგებ მითხრა, რომ გავებრაზებინე. ძალიან მინდოდა, საპასუხოდ განვრისხებულიყავი, მაგრამ ამის ნაცვლად ვთქვი: „კარგი.“ ავდექი და მომდევნო 2 საათის განმავლობაში ვრეცხავდი და ვალაგებდი ავტოფარეხს. კერიმ აღარ იცოდა, რა ეფიქრა. დადგა მომდევნო დილა.

„რა გავაკეთო, რომ გავხადო შენი დღე უკეთესი?“

„არაფერი! – თქვა მან. „შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. გთხოვ, შეწყვიტე ეს ყველაფერი.“ მე ვუპასუხე, რომ არ შემეძლო, რადგან საკუთარ თავს სიტყვა მივეცი. „როგორ ვაქციო შენი დღე უკეთესად?“ – „რატომ აკეთებ ამას?“ – „იმიტომ, რომ ძვირფასი ხარ ჩემთვის და ჩვენი ქორწინებაც ჩემთვის ძვირფასია.“

მომდევნო დილით იგივე ვკითხე. იმავეს ვეკითხებოდი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც. მომდევნო კვირაში მოხდა სასწაული. ჩემს შეკითხვაზე კერის ცრემლით აევსო თვალები. ატირდა და როცა დაწყნარდა, მითხრა: „გთხოვ, აღარ დამისვა ეს კითხვა. პრობლემა შენში კი არა, ჩემშია. ვიცი, ჩემთან რთულია ურთიერთობა. ვერ ვხვდები, რატომ რჩები დღემდე ჩემთან.“

მე ნაზად მოვკიდე მას ხელი ნიკაპზე, რომ პირდაპირ თვალებში ჩამეხედა. „იმიტომ, რომ მიყვარხარ,“ – ვუთხარი მე. – „როგორ ვაქციო შენი დღე უკეთესად? მე უნდა გეკითხებოდე ამას.“ „კი, უნდა მეკითხებოდე, ოღონდ ახლა არა. ახლა მე მინდა შევიცვალო. შენ უნდა იცოდე, რამდენს ნიშნავ ჩემთვის.“ ცოლმა თავი მკერდზე დამადო. „მაპატიე, რომ ასე საშინლად ვიქცეოდი.“ „მიყვარხარ.“ – ვუთხარი მე. „მეც მიყვარხარ,“ – მიპასუხა მანაც. „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“ კერიმ ალერსიანად შემომხედა: „იქნებ რამდენიმე ხანი ერთად გავატაროთ? მხოლოდ მე და შენ.“ მე გავუღიმე: „ეს მეც ძალიან მინდა.“ მე თვეზე მეტხანს ვაგრძელებდი დილაობით იმ შეკითხვის დასმას. ჩვენი ურთიერთობები შეიცვალა. შეწყდა დაუსრულებელი ჩხუბი. შემდეგ ჩემმა ცოლმა დაიწყო ჩემთვის კითხვის დასმა: „რა გსურს, გავაკეთო? როგორ გავხდე შენთვის უკეთესი ცოლი?“

ჩვენ შორის არსებული კედელი ჩამოინგრა. ჩვენ დავიწყეთ ღიად საუბარი, ვსაუბრობდით იმაზე, რა გვინდოდა ცხოვრებისგან და როგორ გვექცია ერთმანეთი უფრო ბედნიერი. არა, ჩვენ ერთბაშად არ გადაგვიწყვეტია ყველა პრობლემა. იმის თქმაც არ შემიძლია, რომ არასოდეს გვიჩხუბია მას შემდეგ, მაგრამ ჩვენი წაჩხუბების ხასიათი შეიცვალა. ჩხუბი უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა, თითქოსდა, მას აკლდა ის ბოროტი ენერგია, რაც ადრე გვქონდა. ჩვენ წავართვით ჩხუბს ჟანგბადი. უკვე არც ერთ ჩვენგანს არ სურდა მეორისთვის გულისტკენა.

აი, უკვე 30 წელია, რაც მე და კერი დაქორწინებულნი ვართ. მე არა მარტო მიყვარს ჩემი ცოლი, მე ის მომწონს. მომწონს მასთან ყოფნა. მე ის მჭირდება. ჩვენ შორის არსებული განსხვავებანი ჩვენს საერთო ძლიერ მხარედ იქცა, ხოლო დანარჩენი, როგორც დრომ გვიჩვენა, არ ღირდა სანერვიულოდ. ვისწავლეთ, როგორ გვეზრუნა უკეთ ერთმანეთზე და რაც მთავარია, ამის სურვილი გაგვიჩნდა. ქორწინება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალისხმევას აგრეთვე მოითხოვს მშობლის როლის შესრულება, მწერლობა, საკუთარ სხეულზე ზრუნვა კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად და ყველაფერი დანარჩენი, რაც მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. ცხოვრების გზაზე საყვარელ ადამიანთან ერთად სვლა საოცარი საჩუქარია. ისიც გავაცნობიერე, რომ ოჯახი გვეხმარება ჭრილობების მოშუშებაში, რომლებიც ჩვენივე პიროვნების ყველაზე უსიამოვნო მხარეები გვაყენებს. ყველა ჩვენგანს აქვს ნაკლოვანებანი, რომლებიც თავადაც არ მოგვწონს.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩვენი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო. კითხვა: „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“ საჭიროა დასვას ნებისმიერმა, ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავს. სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. სასიყვარულო რომანები (მე თავადაც მაქვს დაწერილი რამდენიმე რომანი), ჩვეულებისამებრ, სრულდება ასე: „და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“, მაგრამ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას არ ქმნის მხოლოდ სურვილისა იმისა, რომ ეკუთვნოდე საყვარელ ადამიანს და ისიც გეკუთვნოდეს შენ. რეალურ ცხოვრებაში სიყვარული ის არის, რომ გქონდეს გულწრფელი სურვილი საყვარელი ადამიანისათვის ბედნიერების მინიჭებისა, ხანდახან საკუთარი ბედნიერების ხარჯზეც კი. ნამდვილი სიყვარული ის კი არაა, რომ ვინმე შენს ასლად აქციო, არამედ ის, რომ მოთმინება და ზრუნვა გამოიჩინო საყვარელი ადამიანის კეთილდღეობისთვის. დანარჩენი ყველაფერი ეგოიზმის სულელური სპექტაკლია.

იმის თქმა მსურს, რომ ჩემი და კერის გამოცდილება ნებისმიერი წყვილისთვის გამოდგება. იმაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წყვილს, რომელიც განქორწინების ზღვარზეა, მართებს ქორწინების გადარჩენა. მე უსასრულოდ მადლიერი ვარ იმ შთაგონებისთვის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოვიდა იმ დღეს, მარტივი შეკითხვის სახით. მადლობელი ვარ, რომ ისევ მყავს ოჯახი და რომ ცოლი (ჩემი საუკეთესო მეგობარი) ყოველ დილით საწოლში, ჩემ გვერდით ბედნიერი იღვიძებს. ბედნიერი ვარ, რომ ახლაც კი, ათეული წლის გასვლის შემდეგ, დროდადრო, ერთ-ერთი ჩვენგანი ისევ ეკითხება მეორეს: „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“ ამისათვის ღირს ყოველ დილით გაღვიძება.


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები