აღარავისთვის არაა საიდუმლო, რამდენი ხმაური მოიტანა კორონავირუსმა მსოფლიოში. უამრავმა ქვეყანამ გამოიარა კარანტინის პირობები. მასობრივი სპორტული ღონისძიებები გადადიდო, სკოლები დაიკეტა, ფასიანი ქაღალდების ბაზარმა კრიზისი განიცადა, მარგამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოვა ‒ ერთხელ მთელი სამყარო შეირყევა.
როგორც ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ამბობს, უფალი „აღგვითქვამს და ამბობს: ‘კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც.’ ეს ‘კიდევ ერთხელ’ ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.“ (ებრაელთა 12:26-27).
ურვა და შფოთვა
იმ დღეს ყველაფერი შეირყევა. ამის შესახებ ასე ამბობდა იესო:
იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, დედამიწაზე კი ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვისა და ტალღების ღრიალის გამო. ხალხს გული წაუვა შიშით და დედამიწაზე მომავალთა მოლოდინით, რადგან შეირყევიან ციური ძალები.
ან თუ ვიტყვით გამოცხადების წიგნის რთული ენით:
დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში შეიმალნენ.და ეუბნებოდნენ მთებსა და კლდეებს: ‘ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან და კრავის რისხვისგან.’
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი იქნება ეს ყოველივე?
ღვთის სამსჯავრო
ცოტა ადამიანი თუ საუბრობს ღვთის სამსჯავროზე, ეკლესიაშიც კი.
მქადაგებლები გაურბიან ამ თემას, მრევლის წევრები კი ამბობენ: „მოგვეცით ტკბილი საკვები! დადებითი ემოციები მოგვანიჭეთ! მხოლოდ კარგი ისტორიები მოგვიყევით. გაგვაღიმეთ! ჩვენ არ გვსურს სამსჯავროს შესახებ მოსმენა. ასე ღმერთი ბოროტი ჩანს.“
სინამდვილეში კი, პირიქით ‒ ასე ღმერთი სამართლიანი ჩანს. ის გაასამართლებს უმართლოებს. დასჯის უკეთურებს. ის შურისგებას მოიტანს.
მართალი და ღვთისმოშიში ადამიანებისთვის ეს კარგი ამბავია. როგორც მეფსალმუნე ამბობს:
გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ. იხმაუროს ზღვამ და სავსებამ მისმა.გაიხაროს ტრამალმა და ყველაფერმა, რაც მასზეა. მაშინ იზეიმებს ტყის ყოველი ხე უფლის წინაშე, რადგან ქვეყნიერების განსასჯელად მოდის იგი; სიმართლით განსჯის ქვეყნიერებას და ხალხებს თავისი ჭეშმარიტებით.
ცოდვილების განსჯა ასევე ნიშნავს მართალთა გადარჩენასაც.
გამოცხადების წიგნში ასევე წერია ღვთის მძვინვარების 7 თასის დედამიწაზე გადმოღვრის შესახებ, რომელიც საშინელ სამსჯავროზე მიიყვანს მათ, ვინც არ ისურვეს მონანიება (გამოცხ. 16).
იმ დღეს არ იქნება არც წამალი და არც ვაქცინა.
არ მოხდება სახელისუფლებო ორგანოების ჩარევა.
არსად გასაქცევი არ იქნება გარდა უფლისა და მისი წყალობისა, რათა შევეფაროთ მისი ფრთების ჩრდილქვეშ.
სამსჯავრო უსათუოდ მოვა!
ესაია ამის შესახებ ასე ლაპარაკობს:
აჰა, უფალი აუკაცრიელებს დედამიწას და აცამტვერებს, ასხვაფერებს მის ზედაპირს და ფანტავს მის მცხოვრებთ. გახდება ხალხი მღვდელივით, მსახური ‒ ბატონივით, მხევალი ‒ ქალბატონივით, მყიდველი ‒ გამყიდველივით, მსესხებელი ‒ გამსესხებელივით და მოვალე ‒ მევალესავით. გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს. გლოვობს და დაჭკნა დედამიწა, მიილია და გახმა ქვეყნიერება, გაქრნენ ქვეყნის წარჩინებულნი. შეიბილწა ქვეყანა თავისი მცხოვრებლებით, რადგან განუდგნენ რჯულს, შებღალეს წესი და დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა; მისი მცხოვრებნი არიან დამნაშავენი. გადაიბუგნენ ქვეყნის მკვიდრნი და მცირედნიღა დარჩნენ.
სოლომონის იგავებში ნათქვამია: „უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.“ (იგავნი 18:10) და როგორც 90-ე ფსალმუნი აცხადებს, უზენაესში არის თავშესაფარი, დამცავი საფარი.
ამიტომაც იესომ, დედამიწაზე მომავალი სამსჯავროს შესახებ გაფრთხილების შემდეგ, უთხრა თავის მიმდევრებს: „როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა.“ (ლუკას სახარება 21:28). უფლის მოსვლა ძალიან ახლოსაა.
ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვიღებთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.რადგან ჩვენი ღმერთი მშთანმთქმელი ცეცხლია.
მთელი სამყარო შეირყევა, მაგრამ ღვთიური სამეფო და ღვთის ხალხი ურყევი დარჩება.
როგორც მეფსალმუნე იუწყება(ფსალმუნი 111:6-8):
„ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში.
თუნდაც ახმაურდნენ და აბობოქრდნენ წყლები, მთებიც რომ შეიძრნენ მათი მღელვარებისგან.
მდინარის ნაკადები ახარებენ ღვთის ქალაქს, წმინდა სადგომს უზენაესისას.
ღმერთია მის შუაგულში; არ შეირყევა ქალაქი, გარიჟრაჟიდანვე შეეწევა მას ღმერთი.
დღეს მშვენიერი დროა ჩვენთვის
კორონავირუსმა მართლაც უკვე ბევრის სიცოცხლე წაიღო, არადა ძვირფასია თითოეული სიცოცხლე. სიმართლეა ისიც, რომ შეიძლება უფრო მეტი ადამიანიც დაიღუპოს, ხოლო ასობით მილიონი ადამიანი დაიტანჯება ეკონომიკური კრიზისის გამო.
მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ სუსტი ნიშნებია რადარზე, რომელიც გვამცნობს იმის თაობაზე, რაც მოვა.
ჩვენ ვცხოვრობთ კარგ დროს, რადგან ვართ ღვთის წმინდა ერი და ვსწავლობთ მასზე მინდობას შუა კრიზისის დროს და უფრო და უფრო ვაღრმავებთ ჩვენს სულიერ ფესვებს.
დღეს შესანიშნავი დროა, გავიაზროთ, რომ ჩვენი ცხოვრება სწრაფად წარმავალია. ეს კარგი პერიოდია ასევე იმისთვისაც, რომ ხელახლა გავიაზროთ ჯვრისა და მარადიული სიცოცხლის ნიჭის სილამაზე.
და ბოლოს, ეს მშვენიერი დრო უნდა გამოვიყენოთ, როგორც წყალობისა და იმედის მსახურება მსოფლიოსთვის, რომელიც იტანჯება. იესოში გვაქვს ყოველივე, რასაც ვსაჭიროებთ და მასში შეურყეველნი ვართ.
ავტორი: მაიკლ ბრაუნი