წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს. ვინაიდან დაწერილია, რომ ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან’ და რომ ‘ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.’
კოლეჯში სწავლისას მე და გრეისს ერთი ძალიან ექსცენტრული პროფესორი გვყავდა. შთამბეჭდავად გამოიყურებოდა – აბურდული თმით, ველური გამოხედვით, დაუდევრად მოშვებული და მოუვლელი წვერითა და წელზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ხანჯლით. მისი ლექციების დავიწყება შეუძლებელი იყო. პროფესორს ძალიან გამჭრიახი გონება და სწრაფი აზროვნება ჰქონდა და მართლაც გამორჩეული პიროვნება გახლდათ.
ძალიან უყვარდა სხვადასხვა მუხლების ციტირება წმინდა წერილიდან. ხან მთლიან თავებსაც კი ზეპირად გადმოგვცემდა ლექციებისას. ერთხელ, ლექციები რომ დამთავრდა, ვკითხეთ, იყო თუ არა ქრისტიანი. პროფესორმა ხმამაღლა გაიცინა და გვიპასუხა: „რაღა თქმა უნდა, არა. არ მჯერა იესოს შესახებ ამ სისულელის!“ დაბნეულებმა ისღა მოვიფიქრეთ – გვეკითხა, მაშ, საიდან იცოდა ბიბლია ასე ზედმიწევნით, თუ ქრისტე და ქრისტიანობა სძულდა. მან აგვიხსნა, რომ თავისი ძმა გახლდათ ეკლესიის ხუცესი და სწორედ ეს უბიძგებდა მას, რომ ბიბლიის მუხლები ზეპირად ესწავლა, რათა ძმა სასაცილოდ აეგდო და მასთან კამათში გაემარჯვა.
იმ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე: ის ფაქტი, რომ შეიძლება ბიბლია ზედმიწევნით იცოდეთ, არ ნიშნავს იმას, რომ უფალს იცნობთ. სატანამ და მისმა ბოროტმა სულებმაც ხომ ძალიან კარგად იციან წმინდა წერილი. ბიბლია სულიერი მახვილია და აუცილებელია, იცოდეთ მისი გამოყენება საკუთარი თავის დასაცავად. ეშმაკთან ბრძოლისას უფალმა იესომ მოიხმო სიტყვები ძველი აღთქმიდან, მეორე რჯულის წიგნიდან. ქრისტეს მაგალითიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული პრინციპი შეგვიძლია ვისწავლოთ: ყოველგვარ ცდუნებას წმინდა წერილი უნდა დავუპირისპიროთ.
ნებისმიერი ასაკის ადამიანების ცხოვრებაში დგება დრო, როცა მათ უჩნდებათ სურვილი, დაჰყვნენ ცდუნებას და წმინდა წერილში ეძებენ მუხლებს იმისათვის, რომ გაუმართლებელი საქციელი გაამართლონ. ძალიან ხშირად ეს სექსუალურ ცოდვას შეეხება. ადამიანები ეძებენ არგუმენტებს ასეთ ქმედებათა გასამართლებლად და ხშირად, ფილოსოფიური თვალსაზრისით, საკმაოდ დამარწმუნებლად გამოიყურება ეს არგუმენტები.
რატომ? იმიტომ, რომ როცა ჩვენი თანამედროვე კულტურის ნორმები არ შეესაბამება ბიბლიას, იგივე ნორმები გვკარნახობს იმას, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ შევცვლით ბიბლიას, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქცევა შევცვალოთ.
იესო ქრისტემ გვიჩვენა, რომ აუცილებელია, ბიბლიაზე დაყრდნობით, შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას და ეს ბიბლიის მეშვეობით გავაკეთოთ. უფალი იესო ცდუნებისას წმინდა წერილის მუხლებს მოიხმობდა, რამაც მას მტერზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.
ავტორი: მარკ დრისკოლი (ამერიკელი ევანგელისტი ხუცესი და მწერალი)