იესო პასექის დროს იყო ჯვარზე გაკრული. ის, როგორც ებრაელი, იერუსალიმში მივიდა პასექის აღსანიშნავად.
ეს უბრალოდ დამთხვევაა? შემთხვევით მოხდა, რომ იესო მოკვდა პასექის დროს?
ბიბლიური პასუხია „არა“. მიზეზი, რის გამოც ის მაშინ უკანასკნელად მივიდა იერუსალიმში, მდგომარეობდა არა უბრალოდ იმაში, რომ მას აღენიშნა პასექი, არამედ იმაშიც, რომ გამხდარიყო ის ჩვენი პასექი, ჩვენი აღდგომა. როგორც საკმაოდ ნათლად თქვა პავლე მოციქულმა 1-ელ კორინთელთა წერილში:
ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენ გამო შეეწირა.
რას ნიშნავს ეს?
იმისათვის, რომ ვნახოთ პასუხი, გამოსვლის წიგნის მე-12 თავიდან უნდა წავიკითხოთ, სადაც პირველი პასექის შესახებაა დაწერილი. იქ დავინახავთ, თუ რატომ იყო პასექი აუცილებელი და რას ნიშნავდა იგი. და როდესაც პასექის მნიშვნელობას გავიგებთ, დავინახავთ იმას, თუ როგორ გახდა ქრისტე ჩვენი აღდგომა.
გამოსვლის მე-12 თავი და პირველი პასექი
მოქმედების ადგილი ‒ ეგვიპტე, ატმოსფერო ‒ ქაოსი. ეგვიპტე ახლად დაცარიელებული და გამოფიტული იყო თავს დატეხილი ცხრა უბედურებისგან. და ეს არ გახლდათ უბრალოდ ზედიზედ მიბმული უიღბლობის შემთხვევითობა ‒ ღმერთი განსჯიდა ეგვიპტეს. მეტიც, ღმერთმა დაპირება შეასრულა (გამოსვლის 2:23-25). ის შეჰპირდა აბრაამს, ისაკსა და იაკობს, რომ მათი შვილები მემკვიდრეობად მიიღებდნენ ქანაანელთა მიწას (დაბადების 15:18-21), მაგრამ უკვე რამდენიმე საუკუნე იყო, რაც ეგვიპტეში ჩარჩნენ. და აი, დადგა დრო, როდესაც ღმერთს უნდა გამოეყვანა ისინი და დაებრუნებინა სახლში. მაგრამ წინაა კიდევ ერთი სასჯელი ‒ ყველაზე მძიმე. ყოველი წინა სასჯელისაგან ისრაელი არ დაზარალებულა. მათი პირუტყვები არ დახოცილა (გამოსვლის 9:6), მათი მოსავალი სეტყვას არ გაუნადგურებია (გამოსვლის 9:26), მათ მიწაზე წყვდიადიც კი არ ყოფილა (გამოსვლის 10:23). მათ არაფერი გაუკეთებიათ ამ უბედურებათა თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა უბრალოდ გამოარიდა ისინი ამ ყოველივეს.
ფინალური სასჯელი კი სხვაგვარი იქნება. ამჯერად ღმერთის სამიზნე თითოეული მათგანი აღმოჩნდება. თუ არ ჩავთვლით ერთ წინასწარ განუჭვრეტელ უზრუნველყოფას, ღმერთი აპირებს, მოსპოს ყველა პირმშო ეგვიპტეში, მათ შორის ისრაელისაც.
რატომ?
იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ღვთის მიერ რჩეული ერია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკუნეების განმავლობაში დაჩაგრულები და შევიწროებულები იყვნენ, სიმართლე მდგომარეობდა იმაში, რომ ისინიც ცოდვილები იყვნენ. ეზეკიელის 20:4-10 ამბობს, რომ ებრაელები ეგვიპტის ცრუ ღმერთებსაც კი სცემდნენ თაყვანს! ღმერთს არ შეუძლია ამ ცოდვის უბრალოდ იგნორირება.
მეათე სასჯელის გზავნილი ამბობს, რომ ღმერთი წმინდა და სამართლიანია. ხოლო პასექის გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ასევე მოწყალეა. ამ პირველ პასექზე ღმერთმა განსაჯა, რომ მას შეეძლო, ყოფილიყო ერთდროულად სამართლიანიც და მოწყალეც. ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ამას ჩანაცვლების მეშვეობით გადარჩენა.
ღმერთის ბრძანება მარტივია: აიღეთ კრავი ‒ უნაკლო, მამალი, ერთწლიანი (გამოსვლის 12:3-5). შეისწავლეთ ის ოთხი დღის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ მასში არ არის რაიმე ნაკლი (12:6). და ბოლოს თვის მე-14 დღეს, როდესაც სიკვდილის ანგელოზი მოვა და მოკლავს პირმშოებს ‒ დაკალით ეს კრავი, სცხეთ მისი სისხლი თქვენი კარის ორივე წირთხლს (12:7) და როდესაც ღმერთი დაინახავს სისხლს, ის აგივლით გვერდს (12:13).
ამაშია მთელი არსი. ღმერთი ინდობს ისრაელის ვაჟებს არა იმიტომ, რომ ისინი უკეთესნი არიან ეგვიპტის ვაჟებზე, არამედ იმიტომ, რომ მათ ნაცვლად კვდება უნაკლო კრავი და მისი სისხლი ფარავს მათი სახლის კარს.
ეს გახლდათ ჩანაცვლების მეშვეობით გადარჩენა და ახალი აღთქმის თანახმადაც, პასექის გზავნილი ასევე არის გზავნილი წითელი პარასკევისა.
წითელი პარასკევი და სააღდგომო კრავი
თუკი ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ცხოველს, ჩაანაცვლოს ადამიანი, პასუხი ასეთია: საბოლოო ჯამში მას ეს არ შეუძლია (ებრაელთა 10:4). ის, თუ როგორ შეეძლო ღმერთს, გვერდი აევლო ადამიანური ცოდვისთვის ცხოველის სიკვდილის მეშვეობით, რჩებოდა გადაუჭრელ პრობლემად (რომაელთა 3:25).
წითელი პარასკევი ‒ დღე, როდესაც ღმერთმა გადაჭრა ეს პრობლემა.
იმის მსგავსად, თუ როგორ მოექცა ღვთის რისხვის ქვეშ ისრაელიც კი, ჩვენც ყველანი წარვდგებით ღვთის სამართლიანი რისხვის წინაშე ჩვენი კერპთაყვანისმცემლობის გამო. ჩვენ ყველამ შევცოდეთ და მოკლებულნი ვართ მის დიდებას, და თითოეული ჩვენგანი უნდა დაიღუპოს სატანისა და მისი ანგელოზებისთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლში. იმიტომ, რომ ღმერთი წმინდა და სამართლიანია, მაგრამ თავისი მოსიყვარულე გულით მან გამონახა საშუალება, რომ ყოფილიყო სამართლიანიც და მოწყალეც ერთდროულად. გადარჩენა ჩანაცვლების მეშვეობით. პასექს უნდა წარმოეჩინა ეს სურათი, მაგრამ ეს მხოლოდ წინასახე იყო. ნამდვილ ჩანაცვლებას ჩვენ სახარებაში ვპოულობთ. იოანე ნათლისმცემლის სიტყვის თანხმად, „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.“ (იოანეს 1:29).
იესო აღმატებულია ძველი აღთქმის წინასახეებზე. ამჯერად ღმერთს არ მოუთხოვია, მოგვემზადებინა კრავი ‒ მან თავად მოგვცა ის. და ეს კრავი არ იყო ცხოველი ‒ ის იყო სრულად ღმერთი და სრულად ადამიანი ‒ ჩვენი მსგავსი ყველაფერში, გარდა ცოდვისა (ებრაელთა 2:17; 4:15).
იმავე დროს იესო ბევრ რამეში ესადაგებოდა ძველი აღთქმის წინასახეებს. ისევე, როგორც პასექის კრავი, ის იყო ზრდასრული არსება მამრობითი სქესისა (ლუკას 3:23), არცერთი მისი ძვალთაგან არ იყო დამსხვრეული (გამოსვლის 12:46; იოანეს 19:36), ის იყო საგულდაგულოდ შესწავლილი და უმანკოდ და უბიწოდ ნაპოვნი (I პეტრეს 2:22), და ის იყო მოკლული ჩვენი ცოდვების გამო (I კორინთელთა 15:3; გამოცხადების 1:5). ჩვენ ვიქადით იმით, რომ გამოსყიდულები ვართ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა (I პეტრეს 1:18-19).
აი, რას გულისხმობს პავლე, როდესაც ამბობს: „ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენ გამო შეეწირა.“ ჩვენი გადარჩენა და ხსნა მისი ჩანაცვლებით მოდის. აი, ამიტომაა, რომ ღმერთს შეუძლია გვითხრას: „როდესაც მის სისხლს ვხედავ, აგივლი გვერდს.“
რჩება მხოლოდ ერთი საკითხი.
მოქმედებს თუ არა მისი სისხლი თქვენს შემთხვევაში?
დაფარული ხართ თუ არა მისი სისხლით?
გაიხსენეთ, რა არის ნათქვამი გამოსვლის წიგნის მე-12 თავში. მკაცრად რომ ვთქვათ, არ იყო საკმარისი კრავის უბრალოდ დაკვლა. იმისათვის, რომ ღმერთს აევლო გვერდი მათთვის, საჭირო იყო, რომ მათი სახლის კარი კრავის სისხლით ყოფილიყო ცხებული. მათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, კრავი ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანდა მათ. ზუსტად ასე, კალვინმა ერთხელ აღნიშნა, რომ „ვიდრე ქრისტე რჩება არა ჩვენში, არამედ ჩვენ მიღმა, ჩვენ გამოყოფილნი ვართ მისგან; ყველა მისი ტანჯვა და ყველაფერი, რაც მან გააკეთა კაცობრიობის გადასარჩენად, დარჩება უსარგებლოდ და ვერ წარმოადგენს ჩვენთვის ვერანაირ ფასეულობას.“ (დარიგებანი III.1.1).
თქვენ უნდა უყურებდეთ კრავს, რომელიც თქვენ გამო განიგმირა და უნდა მიიღოთ ის რწმენით, როგორც ერთადერთი დაცვა ღვთის რისხვისგან. რწმენა ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ქრისტეს სისხლი პირადად თქვენთვის ხდება გამოსადეგი. თუ თქვენი თვინიერი რწმენით დააკაკუნებთ მის კარზე, ის აგივლით გვერდს.
გადარჩენა ჩანაცვლების მეშვეობით.
ეს არის პასექის გზავნილი.
ეს არის წითელი პარასკევის გზავნილი.
და ეს არის მთელი მსოფლიოს იმედი.
წყარო: http://ieshua.org