ზოგჯერ ფიზიკური თუ სულიერი უძლურება უეცრად მოდის, შემოდგომის ბალახივით მოგცელავს და ცხოვრებაზე ხელს ჩაგაქნევინებს, ყველაფერს ამაოებად დაგისახავს და გეტყვის, რომ ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ზოგჯერ გარეგნულად კარგად ხარ, მაგრამ სული გტკივა ისე, რომ ვერანაირი ფიზიკური ტკივილი ვერ შეედრება. ზიხარ საკუთარ გამოგონილ საკანში, შენს თავს რომ მიუსაჯე და ნაიარევებს ითვლი, თითქოს მეტი არაფერი დაგრჩენოდეს…
სული გტკივა? განიცდი? ვერ იშუშებ იარებს? ფიზიკური უძლურება გიტევს? არის პასუხი! არის წამალი! არის განკურნება! არის იმედი! და ამ იმედს იესო ჰქვია!
გეშინია, რომ არაფერი შეიცვლება? ვერ ხედავ გზას? არ უჩანს ბოლო განსაცდელს? პასუხი იესოა! ის შენს ქუჩაზეც ჩამოივლის ერთ დღეს და თუ იმ საკნიდან, შენს თავს რომ მიუსაჯე, მის სამოსელს მოჰკრავ თვალს, იყვირე, მთელი ხმით იყვირე: „იესო, ძეო დავითისა, შემიწყალე მე ცოდვილი!“ და ის განკურნავს შენს გულს, შენს ურთიერთობებს, შენს ცხოვრებას.
ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი, გადაყრილნი, მაგრამ არა დაღუპულნი.
ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ.
ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.
თქვენ კი გამტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისაებრ მოგეზღვებათ.
მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი. მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალ ღმერთშია საუკუნო კლდე.
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.