ნიკი კრუზი დაიბადა 1938 წლის 6 დეკემბერს პუერტო რიკოს ქალაქ ლას-პიედრასში. ის ერთ-ერთი გახლდათ ჯადოქრების ოჯახში დაბადებული 17 ბავშვიდან. მშობლები სატანისტები იყვნენ, მისდევდნენ სპირიტიზმსა და ე. წ. ბრუხერიას, რომელიც ადგილობრივ, აფრიკულ და ევროპულ ჯადოსნობათა შერწყმაა. ნიკი კრუზის მამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ. მას დიდ პატივს სცემდნენ და მისი ეშინოდათ კიდეც. კრუზების ოჯახი ერთგვარი შტაბ-ბინა იყო სხვა პუერტო რიკოელი მედიუმებისთვის, რომლებიც ხშირად კვირაობითაც რჩებოდნენ მათთან. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნიკის მამასთან, რათა ან გარდაცვლილ ადამიანთა სულებთან დაკავშირება, ან ჯადოსნობაში მონაწილეობა, ანდა ბოროტ სულთა განდევნა ეთხოვა. კრუზების სახლი სავსე იყო ჯადოქრობის შესახებ წიგნებით.
სამი წლის ასაკიდან მშობლები რეგულარულად სცემდნენ ნიკის და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მასზე. კრუზი იხსენებს, რომ დედა ისე სცემდა, რომ ცემის შემდეგ ცხვირი და ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა, ტუჩები დახეთქილი, თვალებს ვეღარ ახელდა. შემდეგ კი დედა ბნელ ოთახში, საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს კეტავდა ორი-სამი დღით საკვებისა და წყლის გარეშე.