ორგანიზაციამ Planned Parenthood (არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებათა, მათ შორის, აბორტის უდიდესი პროვაიდერია) ოფიციალურად დაუჭირა მხარი ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კანდიდატურას და განაცხადა, რომ ქალები, რომლებსაც „უსაფრთხო და ლეგალური აბორტ(ებ)ი“ სჭირდებათ, ვეღარ დაიცდიან ტრამპის პრეზიდენტობის კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. მხარდაჭერა გამოხატულ იქნა ორწუთიანი ვიდეოს მეშვეობით, რომელშიც საუბრობს ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ალექსის მაკ-გილ ჯონსონი.
ვიდეოში ნაჩვენებია ბაიდენიც, რომელიც ამბობს, რომ დაიცავს „ქალებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული არჩევანის უფლებას.“ „ვამაყობ იმით, რომ თქვენ გვერდით ვდგავარ ამ ბრძოლაში.“ ‒ აცხადებს ჯო ბაიდენი.
ალექსის ჯონსონმა კი ნაციონალურ საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, რომ ეს „პირდაპირი გაგებით, სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანია.“ „ჩვენ ვიგრძენით, რომ ვეღარ ავიტანდით ტრამპის პრეზიდენტობის კიდევ ოთხ წელს. რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ თანამდებობას ჩამოვაშოროთ იგი.“ ‒ თქვა ჯონსონმა.
„ამერიკას ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც უფლებამოსილებას მიანიჭებს ქალებს, ოჯახებსა და ახალგაზრდებს.“ ‒ ამბობს ჯონსონი ზემოხსენებულ ვიდეოში. „ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობისას სადაზღვევო ხარჯები უფრო მეტ ადამიანს უნაზღაურდებოდა, ვიდრე ოდესმე. პაციენტებზე ზრუნვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის რეფორმის წყალობით, შობადობის კონტროლის, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ანალიზების ჩატარებისა და სიმსივნის სკრინინგების საფასური სრულიად იფარებოდა. ტრამპი კი ცდილობდა, ხელი შეეშალა ჩვენი წინსვლისათვის და ამისათვის მან შეზღუდა წვდომა შობადობის კონტროლზე, საბოტაჟი მოუწყო პაციენტებზე ზრუნვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის რეფორმას და ჩვენს ორგანიზაციას და დანიშნა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეპროდუქციულ უფლებებს.“
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეცვლის აშშ-ის მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ფედერალურ მთავრობას უკრძალავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ხალხს აბორტის შესახებ კონსულტაციებს სთავაზობენ, აბორტის დეკრიმინალიზაციისა და აბორტის გაკეთების მომსახურებათა გაფართოების მომხრენი არიან. ხსენებული კანონი (global gag rule იგივე Mexico City Policy) საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ფედერალურ დაფინანსებას იღებენ, მოითხოვს, რომ უარი განაცხადონ აბორტების ჩატარებაზე და ზოგადად, აბორტის ხელშეწყობაზე. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა აღადგინა ეს კანონი.
ორგანიზაცია Planned Parenthood ყოველწლიურად, დაახლოებით, 60 მლნ. დოლარს კარგავს, რადგან უარს ამბობს კანონის შესრულებაზე. „სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანთან“ დაკავშირებით ჯონსონის ნათქვამის შესახებ მწერალმა ბილი ჰელოეულმა „ტვიტერზე“ დაწერა: „ეს ორგანიზაცია მოწყვეტილია რეალობას და ვერ აცნობიერებს თავის მიერ გავრცელებულ უცნაურ განცხადებათა აზრს. დიახ, ეს ნამდვილად სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანია ასობით ათასი დაუბადებელი ჩვილისათვის.“