მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აია-სოფიას მუზეუმი, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდეს. საკითხი 29 მაისის შემდეგ გახდა აქტუალური, როცა თურქეთში სტამბულის აღებიდან 567 წლის იუბილე იზეიმეს. ღონისძიება გაიმართა წმ. სოფიას ტაძარშიც, რომელიც მუზეუმია და სტამბულის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. ამ დღეს აია-სოფიას ტაძარში წაიკითხეს ყურანის ერთი თავი, რაც საბერძნეთში გააპროტესტეს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აია-სოფია „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და აქ ყურანის წაკითხვა ეწინააღმდეგება „იუნესკოს“ კონვენციას. BBC-ის თანახმად, ქვეყნის კულტურის მინისტრმა თურქეთი „ფანატიკური ნაციონალისტური და რელიგიური სენტიმენტის“ გაღვივებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ძეგლის სტატუსი, რომელსაც „იუნესკო“ იცავს, ვერ შეიცვლება თავად ორგანიზაციის თანხმობის გარეშე.
თავად „იუნესკოს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ბერძნულ გაზეთს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მართლაც სჭირდება უფრო ფართო თანხმობა.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის გენერალური მდივანი მაიკ პომპეოც, რომელმაც აღნიშნა, რომ აია-სოფიას სტატუსის ნებისმიერი ცვლილება შეამცირებს მის შესაძლებლობას, „ემსახუროს კაცობრიობას, როგორც მეტად საჭირო ხიდი განსხვავებულ რწმენასა და კულტურებს შორის.“
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა, ამ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები კი თურქეთის უფლებების შელახვას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
„თურქეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩვენი სუვერენული უფლებების შელახვას წარმოადგენს. თურქეთი ყოველთვის დაიცავს მუსლიმანთა, ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის უფლებებს. ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ნებისმიერი აღმსარებლობის მოქალაქეებს. თურქეთის ტერიტორიაზე 435 ეკლესია და სინაგოგა მოქმედებს. რელიგიური უმცირესობების სამლოცველოების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ამიტომ მსგავსი ბრალდებები სიმართლისთვის ზურგის შექცევაა.“ ‒ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “Istanbul Economics Research” კვლევით, მოსახლეობის 47% აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების მომხრეა, 38% კი ინიციატივას ეწინააღმდეგება.
აია-სოფია განხილვის საგანია ადგილობრივ ქრისტიანულ წრეებშიც. კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი იდეას ემხრობა: მისი თქმით, უმჯობესია, აია-სოფია სალოცავი იყოს, ვიდრე მუზეუმი, სადაც ტურისტები ფოტოებს იღებენ, და მას სჯერა, რომ ამ დიდ ნაგებობაში ქრისტიანებისთვისაც გამოინახება ადგილი. ინიციატივას ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, რომელმაც სტამბულში საეკლესიო მსახურებისას თქვა, რომ აია-სოფია „კაცობრიობის საკუთრებაა“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ, შესაძლოა, მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად მიიჩნეოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და „იუნესკოს“ დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.