მსოფლიოში ცნობილი აია-სოფიას მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ტაძარი გახლდათ, მალე ისევ მეჩეთად გადაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როცა სასამართლომ გააუქმა აია-სოფიასთვის მინიჭებული მუზეუმის სტატუსი.
1500 წლის წინ აგებული ქრისტიანული საკათედრო ტაძარი მეჩეთად იქნა გადაკეთებული ოტომანთა მიერ 1453 წელს ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ. 1934 წელს აია-სოფია მუზეუმად გადაკეთდა და „იუნესკოს“ მემკვიდრეობის სიაში შევიდა. თურქეთის ისლამისტები დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ აია-სოფიას ისევ მეჩეთად გადაკეთების მოთხოვნით, მაგრამ საერო ოპოზიციის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ ამას. გარდა ამისა, ეს მოთხოვნა მწვავე კრიტიკას იმსახურებდა მსოფლიო რელიგიური და პოლიტიკური ლიდერების მხრიდანაც.
პრეზიდენტმა ერდოღანმა სასამართლო გადაწყვეტილების გასამართლებლად განაცხადა, რომ ქვეყანამ თავისი სუვერენული უფლება გამოიყენა მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციაზე მან ასევე თქვა, რომ პირველი მუსლიმანური ლოცვა შენობაში 24 ივლისს აღევლინება. „ჩვენი ყველა მეჩეთის მსგავსად, აია-სოფიას კარი ყოველთვის ღია იქნება როგორც ადგილობრივთათვის, ასევე უცხოელთათვის, მუსლიმანებისა და არამუსლიმანთათვის.“ – დაამატა მან.
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქრისტიანული სიმბოლოები, მათ შორის, წმ. მარიამის მოზაიკა, ხელუხლებელი დარჩება და რომ აია-სოფიასთან დაკავშირებული ცვლილებები სიმბოლურია.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი, ვისაც არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, თავს ესხმის ქვეყნის სუვერენიტეტს.