ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში არსებული არეულობის შესახებ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისდა სამწუხაროდ, იერუსალიმში დაძაბულობა ბოლო დროს სულ უფრო იზრდებოდა.
„იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და ისევე, როგორც ყველა ერი აშენებს თავის დედაქალაქს, ჩვენც გვაქვს უფლება, ვაშენოთ იერუსალიმში და ვაშენოთ იერუსალიმი. ეს არის ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რომ რწმენის თავისუფლებას ისრაელი პატივს სცემს, ექსტრემისტულ ელემენტს უფლებას არ მივცემთ, რომ იერუსალიმში მშვიდობა დაარღვიონ. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობრივ არეულობას.“ – თქვა ნეთანიაჰუმ.
დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.
მედიის ინფორმაციით, ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. მას შედეგ, რაც პალესტინელებმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს სკამები, ფეხსაცმელი და ქვები დაუშინეს, მათ დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს. დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტლის მოწყობა გახდა საჭირო.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია მომხდარის გამო და გამოთქვამს სურვილს, რომ კარგი იქნება, თუ ისრაელის ხელისუფლება მოსახლეობას უფრო დაუახლოვდება.
პაპმა ფრანცისკმა იერუსალიმში ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და მხარეებს მოუწოდა, მიიღონ გადაწყვეტილება წმინდა ქალაქის მულტიკულტურული იდენტურობის დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალესტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულთა რაოდენობა უკვე 200-ს აჭარბებს. მათ შორის, 205 პალესტინელი და ისრაელის პოლიციის 17 წარმომადგენელია. ბოლო ერთი კვირაა, ვითარება გამწვავებულია მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზეც.