ინდოეთში ქრისტიანობის დევნის ზრდასთან ერთად იზრდება ქრისტეს რწმენისათვის დაღუპულთა რიცხვიც. ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაციის Christian Solidarity Worldwide (ქრისტიანული სოლიდარობა მსოფლიოში) ცნობით, 7 ივნისს, ჯარხანდის შტატის კხუნტის რეგიონში შეირაღებული რადიკალი ინდუისტები თავს დაესხნენ 27 წლის კანდეი მუდუს და მოკლეს იგი. კანდეიმ ოთხი წლის წინ მიიღო ქრისტიანობა.
მუდუს ოჯახი ერთადერთი ქრისტიანული ოჯახი იყო სოფელში. მათ ხშირად ემუქრებოდნენ და ორი წლის წინ თავს დაესხნენ კიდეც. 7 ივნისს ინდუისტებმა მუდუს სახლის კარი შეამტვრიეს და ყელი გამოსჭრეს მას. როგორც ცნობილია, კანდეიმ სიკვდილამდე ცოლს უთხრა, რომ ის შესაძლოა მოეკლათ და სთხოვა, რომ არასოდეს ეთქვა უარი ქრისტეს რწმენაზე.
მუდუს მეუღლემ, ბინდუ მუდუმ და მისმა ორმა შვილმა სოფელი დატოვეს ოჯახის უფროსის მკვლელობის შემდეგ, რადგან არცერთმა მეზობელმა არ მოისურვა მათთვის თავშესაფრის მიცემა. გამოძიება უკვე დაწყებულია, მაგრამ პოლიციას ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებია.
„გულმხურვალედ ვლოცულობთ ბ-ნ მუდუს ოჯახისათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბინდუს მეუღლის დაკარგვის გამო. ბატონი მუდუ მოკლეს თავისი რწმენის გამო. ორგანიზაცია დიდად შეშფოთებულია იმ მზარდი დევნის, დისკრიმინაციისა და ტანჯვის გამო, რასაც ქრისტიანები ხვდებიან ინდოეთში მხოლოდ იმის გამო, რომ იყენებენ რწმენის თავისუფლების უფლებას. ინდოეთის კონსტიტუცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს სინდისისა და რწმენის თავისუფლების უფლება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ჯარხანდის შტატის ხელისუფალთ და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა. ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობანი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ, ჰქონდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების შესაძლებლობა და თანაბარი უფლებები ქვეყნის სხვა მოქალაქეთა მსგავსად.“ ‒ ამბობს ორგანიზაციის Christian Solidarity Worldwide აღმასრულებელი დირექტორი მერვინ ტომასი.