გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს დასახლებული პუნქტების დაბომბვაში, სადაც არიან, ან შეიძლება იყვნენ მშვიდობიანი მცხოვრებლები. დანგრეულია ათასობით სახლი და სხვადასხვა დანიშნულების შენობები. მედიასაშუალებების ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხრიდან 5 ათასს გადააჭარბა.
სომეხი და აზერბაიჯანელი ქრისტიანები ეხმარებიან ომის შედეგად დაზარალებულებს. ბაქოსა და ერევნის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების ჯგუფები მიდიან საომარ მოქმედებათა ზონაში და საკვებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ იქ მყოფ ადამიანებს.
სომხეთის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის ხუცესი არტურ სიმონიანი საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:
„ჩვენს ქვეყანაში ომი და მწუხარებაა… თავზარს მცემს ის, რომ დაკრძალვებზე დასწრება და დაჭრილთა მონახულება ჩვეულებრივ ამბად იქცა. მაშინებს, რომ მე ვეღარ ვგეგმავ დღეს, არამედ დღე მკარნახობს თავის გეგმას.
მაშინებს დუმილი. ქალაქი დუმს, ჰაერში დუმილია გამეფებული. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბუნებაც დუმს და ხანდახან, ღმერთიც. ადრე ვფიქრობდი, რომ დუმილი ძალაა, მაგრამ დღეს მინდა, რომ სხვა გარემოში ვიყო, სადაც ქალაქი ლაპარაკობს, ღმერთი ლაპარაკობს, სადაც ხმაურია და სადაც აღარ არის დუმილი, სადაც მთელი ქვეყნიერება ლაპარაკობს ნაცვლად იმისა, რომ ჩუმად იყოს.
გავაცნობიერე, რომ დუმილისას სიბრძნე და სიმტკიცე გვემატება. ჩვენ ცეცხლით მოვინათლეთ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: როცა სუსტნი ვართ, მაშინ ბრწყინავს ღვთის ძალაუფლება და მაშინ ვხდებით უფრო მტკიცენი და უფრო წარმატებულნი.
ვიხსენებ აბრაამს, რომელსაც ღმერთმა ძის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. ღმერთი დუმდა მთელი გზა, სანამ აბრაამი მიდიოდა, მაგრამ როგორც აბრაამი სამსხვერპლოს მიუახლოვდა, უფალმა დაილაპარაკა.
„არის ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა“ (ეკლესიასტე 3:7).
საყვარელნო, თუ ღმერთი დუმს თქვენს ცხოვრებაში, დაელოდეთ, მაშინვე ნუ გამოიტანთ დასკვნას. ღმერთი კვლავ დაილაპარაკებს. უბრალოდ გააკეთეთ ის, რის გაკეთებაც გიბრძანათ მან. ახლა თუ შიში და დუმილია თქვენს ცხოვრებაში, ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ ღმერთს, როგორც აბრაამი ელოდა. აბრაამის ცხოვრებაში ღმერთი დუმდა, არ ანუგეშებდა მას, არაფერს ამბობდა, მაგრამ როცა აბრაამმა გააკეთა ის, რაც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები, უფალი კვლავ დაელაპარაკა მას…
იგივე მოიმოქმედეთ, ძვირფასნო. თუ ღმერთი დუმს თქვენს ცხოვრებაში, დაელოდეთ. ის კვლავ დაილაპარაკებს და როცა ხმას ამოიღებს, მთელი მსოფლიოც დაიწყებს ლაპარაკს და სიხარულიც დაბრუნდება.
არ ყოფილა ომი, რომელიც არ დასრულებულა, ესეც დამთავრდება. გთხოვთ, ილოცოთ ომის დასრულებისა და ჩვენს საზღვრებზე მშვიდობის დამყარებისათვის. დაე, უფალმა განუგეშოთ.“ – წერს სიმონიანი საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“.
ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ დაარსდა 1990 წელს და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პროტესტანტული ეკლესიაა კავკასიაში.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მოყოლებული, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აქტიურად იბრძვიან ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს დასახლებული პუნქტების დაბომბვაში. ორივე მხრიდან ათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ დროის განმავლობაში, სამჯერ გამოცხადდა ზავი – 10, 18 და 27 ოქტომბერს, მაგრამ სამივეჯერ ის მაშინვე დაირღვა. მხარეები ზავის დაუცველობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.