მსოფლიოში ცნობილი მახარებელი ფრანკლინ გრემი ქრისტიანებს მოუწოდებს – ილოცონ და იმარხულონ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კვირას, 25 ოქტომბერს.
გრემმა განცხადება ამის შესახებ სოციალური მედიაში გაავრცელა: „დაჟინებით მოვუწოდებ იესო ქრისტეს მიმდევრებს – ილოცონ და იმარხულონ ჩვენი ერისათვის კვირას, 25 ოქტომბერს. ვიმედოვნებ, რომ ცალკეული ადამიანები, ოჯახები, ეკლესიები შემომიერთდებიან, რათა ერთად ვითხოვოთ უფლის შემწეობა და მისი ნების აღსრულება კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ამ არჩევნებისათვის.“
ცნობილმა მახარებელმა მაგალითად მოიყვანა იუდას მეფის, იოშაფატის ქმედება, რომელიც ლოცვისა და მარხვისკენ მოუწოდებდა მთელ ერს გასაჭირისას: „და შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. და მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა. და შეიკრიბა იუდა, რომ ეძიათ უფლისგან შეწევნა. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან სავედრებლად.“ (II ნეშტთა 20:3-4).
გრემი მიიჩნევს, რომ მორწმუნეები დღესაც ასე უნდა მიმართავდნენ უფალს და ამბობს: „მხოლოდ უფლის ხელის დახმარებით თუ გადარჩება ამერიკა და ისევ წინ ივლის. ჩვენ გველის გადამწყვეტი არჩევნები: ორი სრულიად განსხვავებული სამომავლო მიმართულება. ეს ჩვენზე კი არა, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებზე მოახდენს გავლენას.“