ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გააუქმეს. კანონპროექტს ხელი შტატის გუბერნატორმა, რალფ ნორტემმა უკვე მოაწერა. ახალი კანონმდებლობით, სასიკვდილო განაჩენი შტატში სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.
ვირჯინია აშშ-ის 23-ე შტატია, რომელშიც სიკვდილით დასჯა გაუქმდა. აქამდე ვირჯინია აშშ-ში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების რაოდენობით მეორე ადგილზე იყო ტეხასის შემდეგ.
სიკვდილით დასჯის ოპონენტები აცხადებენ, რომ მას არაპროპორციულად გამოიყენებენ ფერადკანიანების, ფსიქიკურად დაავადებულებისა და ღატაკების წინააღმდეგ.
რესპუბლიკელები ითხოვდნენ, რომ სიკვდილით დასჯა დარჩენილიყო განსაკუთრებით საშინელი დანაშაულებებისთვის, რათა მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის სამართალი აღსრულებულიყო.
შტატი სასიკვდილო განაჩენთა აღსრულების მაჩვენებლით ლიდერობდა. 2017 წლამდე, როდესაც შტატში სასჯელის აღსრულება შეჩერდა, იქ სიკვდილით 1400-მდე ადამიანი დასაჯეს.
ამჟამად ვირჯინიაში მხოლოდ ორი ადამიანია სიკვდილმისჯილი. მათ სასჯელი სამუდამო პატიმრობად შეეცვლებათ შეწყალების უფლების გარეშე.