ორგანიზაცია „სატანური ტაძრის“ დამცველები სასამართლოში ჩივიან, რათა არკანზასის შტატის კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათი მცნების ძეგლის გვერდით, ბაფომეტის (წარმართული კერპი, რომელიც ჰგავს ადამიანისა და თხის კომბინაციას ფრთებით) ქანდაკების დადგმის უფლება მიიღონ.
ათი მცნების ძეგლი არკანზასის კაპიტოლიუმის მიდამოებში 2017 წელს დაიდგა ახალი კანონის მიღების შემდეგ, რომელიც კერძო სახსრებით დაფინანსებული ძეგლის დადგმის საშუალებას იძლეოდა. მონუმენტის დამონტაჟებიდან 24 საათში ძეგლი ვანდალებმა გაანადგურეს, თუმცა 2018 წელს ძეგლი კვლავ აღადგინეს კერძო სახსრებით.
აშშ-ის რელიგიის თავისუფლების სააგენტო ათი მცნების ძეგლის მოხსნას ითხოვს, რომელიც არკანზასის გუბერნატორის აზრით, საყოველთაო მორალისა და იმ კანონების ფუნდამენტის ძეგლს წარმოადგენს, რომელზეც დგას აშშ. ორგანიზაცია „სატანის ტაძარს“ კი სურს, რომ რელიგიური თავისუფლების მოტივით სახელმწიფო იძულებული გახადოს, ათი მცნების გვერდით განათავსოს ბაფომეტის ძეგლი.
ორგანიზაცია „სატანური ტაძრის“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ თაყვანს არ სცემენ სატანას და არ სწამთ მისი, როგორც პიროვნული არსების, მაგრამ მათი სახელი და ქმედებები ცხადყოფს, რომ მათი მიზანი სწორედ სატანის სახელის განდიდება და ქრისტიანული მოძღვრების წინააღმდეგ ბრძოლაა.
გასულ წელს ორგანიზაციამ დააწესა „ეშმაკის ადვოკატის სტიპენდია“ 500 დოლარის ოდენობით სტუდენტებისთვის, ხოლო აბორტი „რელიგიურ რიტუალად“ გამოაცხადა, რათა შემდეგ ეთქვა, რომ მათი რელიგიური შეხედულება აბორტზე უგულებელყოფილი იყო ტრამპის მთავრობის მიერ. ამით მათ აბორტის მომხრე ორგანიზაციების და კერძო პირების გული მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „სატანისტური ტაძარი“ 2012 წელს დაარსდა და 300 ათას წევრზე მეტს ითვლის.