ამერიკელები ითხოვენ აიკრძალოს ფილმი „Habit“ („ჩვეულება“), რომელშიც იესოს როლს მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, პერის ჯექსონი, ასრულებს. ფილმი მკრეხელობად იქნა მიჩნეული. 300 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვილია ფილმის აკრძალვის მოთხოვნით.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღება დასრულებულია და მზად არის საჩვენებლად, ამერიკელები ითხოვენ, რომ ფილმი აიკრძალოს. პორტალზე change.org დევს პეტიცია, რომელიც აქტიურად აგროვებს ხელმოწერებს. პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ პერის ჯექსონი თამაშობს ლესბოსელის როლს, თუმცა ფილმის შემქმნელები ამაზე პირდაპირ არ მიუთითებენ.
ამასთან, თავად იმ ფაქტმაც, რომ იესოს როლს ქალი ასრულებს, უზომოდ აღაშფოთა ამერიკელები. პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ ფილმი მკრეხელურია და მორწმუნეებს შეურაცხყოფს.
ფილმის პროდიუსერმა დონოვან ლეიტჩმა „Fox News“-ს უთხრა, რომ ჯექსონის პარტნიორი ფილმში მსახიობი ბელა თორნია. ის განასახიერებს მონაზვნად გადაცმულ ქალს, რომელიც ნარკობიზნესში ჩართულ ადამიანებს ემალება.
ფილმის წინააღმდეგ გამოდის ჯგუფიც One Million Moms: „ეს არის მკრეხელური ფილმი, რომლის შემქმნელებიც დასცინიან ქრისტიანობას და მასხრად იგდებენ მორწმუნეებს“.
ფილმის პრემიერის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.