აშშ-ის ევანგელისტ ლიდერთა დიდი ნაწილი ხელს აწერს ერთობლივ განცხადებას ძალადობისა და დაყოფის შესახებ და ქრისტიანებს მოუწოდებს, შეასრულონ მშვიდობისმყოფელთა როლი მოსალოდნელი სამოქალაქო არეულობის საფრთხის პირობებში, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი.
რელიგიურმა ორგანიზაციამ Matthew 5:9 Fellowship შეადგინა წერილი, სათაურით: „2020 წლის მოწოდება ბიბლიური მშვიდობისმყოფელობისთვის: ევანგელისტი ლიდერების განცხადება ძალადობისა და დაყოფის შესახებ“.
წერილს ხელს ორასამდე ევანგელისტი ლიდერი აწერს, მათ შორის არიან: ბრუკლინში არსებული მეგაეკლესიის, Christian Cultural Center-ის უფროსი ხუცესი ა. რ. ბერნარდი, სამხრეთის ბაპტისტთა ეთნიკური და რელიგიური თავისუფლების კომისიის პრეზიდენტი რასელ მური, დალასში არსებული ეკლესია Oak Cliff Bible Fellowship-ის უფროსი ხუცესი დრ. ტონი ევანსი, ასევე ბესტსელერთა ავტორი და სან-ანტონიოში არსებული ეკლესია Oak Hills Church-ის ხუცესი მაქს ლუკადო და მრავალი სხვა დიდი ეკლესიის ხუცესები.
ინტერნეტგამოცემა The Christian Post-თან საუბრისას ევანგელისტმა ლიდერებმა განმარტეს იმის შესახებ, რომ წერილი შეადგინეს „კონკრეტული რელიგიური, რასობრივი და პოლიტიკური ჯგუფებისადმი მიმართული სიტყვიერი და ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივი დამოკიდებულების“ გამო.
„ვიცით, რომ არჩევნებს, განსაკუთრებით მსგავს, აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევ არჩევნებს შეუძლია, ადამიანს ისეთი ქმედებისკენ უბიძგოს, რომელიც შეურაცხყოფს ქრისტეს სწავლებას და ბიბლიურ ფასეულობებს. უნდა უკუვაგდოთ ამის გამომწვევი მიზეზები და არ უნდა დავთმოთ რაიმე ჩვენს რწმენასთან მიმართებით.“ – ვკითხულობთ წერილში.
ორგანიზაცია Matthew 5:9-ის დამფუძნებელმა მეთიუ ჰოკინსმა განმარტა, რომ სიტყვა „მშვიდობისმყოფელი“ შთაგონებულია იესო ქრისტეს მიერ მათეს 5:9-ში ნათქვამი სიტყვებით და არის „უფრო აქტიური და პირდაპირი პასუხისმგებლობა, ვიდრე ‘მშვიდობის დაცვა’.“
„მადლობა ღმერთს, წმინდა წერილიდან გამომდინარე ვიცით, როგორ დავიწყოთ ეს საქმე. მოციქული პავლე შეაგონებდა რომის ეკლესიას და ეუბნებოდა: ‘მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.’ (რომაელთა 14:19).“ – ამბობს ჰოკინსი.
იგი იმედოვნებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქრისტიანებს კვლავ ეყვარებათ მოყვასი და პატივისცემას გამოიჩენენ მათდამი, პოლიტიკურ შეხედულებებში არსებულ განსხვავებათა მიუხედავად.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში გაიმართა რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიისა – ჯო ბაიდენი. არჩევნების შედეგად გაირკვევა, ვინ გახდება აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტი. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.