სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ამერიკელ მომხმარებელთათვის ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც ეხმარება მორწმუნეებს, ილოცონ ერთმანეთისთვის. ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი.
როგორც გაირკვა, პანდემიის დროს ადამიანები ხშირად ითხოვდნენ ლოცვით მხარდაჭერას და სწორედ ამიტომ გადაწყდა ახალი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა მლოცველ ადამიანებს.
ახალი ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ითხოვოს ლოცვა კონკრეტულ საკითხზე. ასევე შესაძლებელია მონიშვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ადამიანი გამოეხმაურა თხოვნას და ილოცა ამ საკითხზე. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ფუნქცია, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკი“ მას მომდევნო დღესაც შეახსენებს ლოცვას. ასევე შესაძლებელია მომხმარებელთა სიის ნახვა, რომელთაც ღილაკზე დაჭერით უპასუხეს, რომ ილოცეს იმ კონკრეტულ საჭიროებაზე.
ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, სოციალურ ქსელს შეეძლება, ყველა ეს მონაცემი გამოიყენოს რეკლამის პერსონალიზაციისთვის. ლოცვითი სათხოვრების შინაარსისა და მათზე რეაქციების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება რეკლამის გამოყენება უფრო თემატურად და მიზნობრივად. შესაბამისად, ამ ფუნქციის გამოყენება გარკვეულწილად განსაზღვრავს, თუ რა სახის რეკლამებს ნახავენ მომხმარებლები.
რელიგიურმა მოღვაწეებმა აშშ-ში მხარი დაუჭირეს ამ სიახლეს, მაგრამ შიშობენ პოსტების კონფიდენციალურობისა და მოგროვილი მონაცემების შემდგომი გაურკვეველი გამოყენების თაობაზე. ეკლესიების ლიდერებმა გამოხატეს უკმაყოფილება იმის შესახებაც, რომ, „ფეისბუკი“ არასაკმარისად ებრძვის რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებას.