ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარი გამართა.
„ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება. ისრაელს უფლება აქვს, საკუთარი თავი დაიცვას, როდესაც მის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა დაფრინავს.“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ისრაელს მხარი დაუჭირა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც და მედიასთან განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს, თავი დაიცვას.
„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელში მიმდინარე ვითარების შესახებ, მათ შორის ღაზის სექტორიდან სარაკეტო დარტყმებზე, რომლის სამიზნეც ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობაა. ისრაელს უფლება აქვს, საკუთარი თავი დაიცვას. თავის მხრივ, პალესტინელებსაც უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ და დაცულად ცხოვრება. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეესკალაცია.“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ალ-აქსას ტერიტორია სამართალდამცველებს, არ შეასრულა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს რამდენიმე დღის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის კვირაზე მეტია გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.
ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.