ტრანსგენდერული ენა შემოიღეს გაერთიანებული სამეფოს ორ ჰოსპიტალში. ბებიაქალებს მოსთხოვეს, აღარ გამოიყენონ სიტყვები „ძუძუთი კვება“, „დედის რძე“ და „მამა“. სიტყვა „დედა“ ჩაანაცვლეს ტერმინით „მშობიარე მშობელი“.
ბრაიტონისა და სასექსის უნივერსიტეტის ჰოსპიტლებში გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახური აწესებს ტრანსმეგობრული ტერმინების გამოყენებას. UK Times-ის ინფორმაციით, ბებიაქალებს სთხოვენ, სქესის აღმნიშვნელი ტერმინების ნაცვლად გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინები.
შესაბამისად, ახალი პოლიტიკის თანახმად, ნაცვლად სიტყვისა „ქალი“, გამოყენებული უნდა იქნეს ტერმინი „პიროვნება“, „მამის“ ნაცვლად – „მშობელი“, „თანამშობელი“ ან „მეორე ბიოლოგიური მშობელი“.
სასექსის ჰოსპიტლის სამშობიარო განყოფილების მიერ ორშაბათს „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: „ჩვენ გვსურს, რომ ეს ენა მოიცავდეს ყველას, ვინც ჩვენი მომსახურებით სარგებლობს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ორსულ ქალებს, არამედ ორსულ ტრანსებს, არაბინარულ და აგენდერ ადამიანებს“.
ამგვარი ენის ფენომენი უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოჩნდა ელიტურ წრეებში. 2020 წლის დეკემბერში სოციალურ მედიაში, მრგვალ მაგიდასთან გამართული დისკუსიისას ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ ქალები მოიხსენია „მშობიარე ადამიანებად“, რადგან ეს ტერმინი მოიცავს მათაც, ვინც საკუთარ თავს ტრანსგენდერს ან არაბინარულ ადამიანს უწოდებს.
ჟურნალ National Review-ს ჟურნალისტი მედლინ კარნსი ამასთან დაკავშირებით წერს: „სიტყვები უბრალოდ ასახავს ან ამახინჯებს ფაქტებს. ქალი მაინც ქალია, მიუხედავად იმისა, თუ რას უწოდებთ მას, იქნება ეს ‘არაბინარული ადამიანი’ ან ‘ტრანსმამაკაცი’. დედა კი მაინც დედაა და მნიშვნელობა არ აქვს, მას ‘დამბადებელ მშობელს’ ვუწოდებთ თუ ‘ძუძუთი მკვებავს’. სამარცხვინოა, რომ ეს ცრუ ენა პოლიტიკურმა კლასმა უნდა დანერგოს და უზომოდ შემაშფოთებელია ასევე, რომ ეს ენა უნდა დამკვიდრდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიცინაში.“