ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მდებარე წმ. იაკობის ტაძარში სარემონტო სამუშაოებისას მუშამ დამალული წერილი იპოვა. ეს იყო ასანთის კოლოფში ჩადებული ტალონის პაწაწინა ხვეულა – გუმბათის კამარების შემაკავშირებელ ქვაში მოთავსებული.
წმ. იაკობის ეკლესია ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. მე-15 საუკუნის დასაწყისში პილიგრიმები ამ ტაძრიდან იწყებდნენ სვლას წმ. იაკობ უფროსის სამარხამდე, რომელიც სანტიაგო-დე-კომპოსტელაში მდებარეობს. ეკლესია მეტისმეტად პატარა იყო, ამიტომაც 1491 წელს ის ბრაბანტული გოთიკური სტილით ხელახლა აიგო.
წერილი 1941 წლის 21 ივლისით თარიღდება. მას ოთხი მამაკაცი აწერს ხელს: ჯონ იანსენი, იულ გისელინკი, ლუის შანტრეინი და იულ ვან ჰემელდონკი. წერილიდან ცნობილი ხდება, რომ ისინიც ამავე ჭერის შეკეთებისათვის მუშაობდნენ 79 წლის წინ. ასევე ჩანს ის მძიმე დრო და პირობები, რომლებშიც მათ უწევდათ მუშაობა. ამ ადამიანებს სათქმელი ჰქონდათ მომავალი თაობებისათვის, რაც ძალიან შთამბეჭდავია.
წერილის ტექსტი ასეთია:
„1941 წელს ეკლესიის ჭერი შევაკეთეთ 26 მეტრის სიმაღლეზე. როცა ის ხელახლა შეიღებება, ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებით.
გვინდა მომავალ თაობებს ვუთხრათ, რომ ბედნიერი ცხოვრება არ გვქონია. ორი ომი გამოვიარეთ. ერთი 1914 წელს, მეორე კი – 1940 წელს. ეს ხომ გავლენას მოახდენდა, არა?
ვმუშაობთ და ლამის შიმშილით დავიხოცოთ. რამდენიმე ცენტის საფასურად ქანცის გაწყვეტამდე გვამუშავებენ და საჭმელი თითქმის საერთოდ არ გვაქვს.
მინდა ვურჩიო მომავალ თაობებს, კიდევ ერთი ომის შემთხვევაში, რომ მოიმარაგოთ საკმარისი საკვები, მაგალითად: ბრინჯი, ყავა, ფქვილი, თამბაქო, ბურღული, ხორბალი, რომ ცოცხლები გადარჩეთ!
დატკბით სიცოცხლით და დაქორწინდით. მათ კი, ვინც უკვე დაქორწინებულია: იზრუნეთ თქვენს ოჯახებზე! გიგზავნით სალამს, ძმებო!“