ჩრდილოეთ კორეელი დევნილი ამბობს, რომ მისი ნათესავის მთელი ოჯახი სახარების გავრცელების გამო სიკვდილით დასაჯეს.
ლტოლვილი ჩრდილოეთ კორეიდან აღწერს, როგორია ქრისტიანების ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ თავისუფლება – იფიქრონ, იცხოვრონ და სწამდეთ ისე, როგორც სურთ.
ილიანგ იუ იმ 30 ადამიანს შორისაა, რომლებიც რელიგიური ნიშნით დევნას გადაურჩნენ. გასულ კვირას ისინი შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტს თეთრ სახლში. ჩრდილოეთ კორეიდან დევნილებმა თავიანთი ისტორიები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ამერიკულ მედიასაშუალებებს უამბეს.
გადარჩენილი ილიანგ იუ ოჯახის მესამე შვილი გახლავთ. იგი დაიბადა 1996 წელს ჩრდილოეთ კორეაში. ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები 10 წლის განმავლობაში უცხოენოვან რადიოგადაცემებს უსმენდნენ, ეს კი არალეგალური ქმედება გახლავთ კიმის რეჟიმის მმართველობის პერიოდში.
ილიანგი იხსენებს, რომ რადიოს მოსმენამ შთააგონა მისი ოჯახი, რათა ახალი რწმენა ეძიათ. მოგვიანებით, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცეოდნენ და შეეძლებოდათ, თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი რწმენა. 2000 წლიდან ოჯახის ყველა წევრმა სათითაოდ დატოვა სამშობლო და სამხრეთ კორეაში გადასახლდა. მოგვიანებით, სხვა გაქცეულმა თანამემამულეებმა ილიანგს უამბეს, თუ რისი გადატანა მოუხდათ პოლიტიკურ საპატიმრო ბანაკებსა და ციხეებში.
ილიანგ იუს თქმით, თავისი დეიდის მთელი ოჯახი საპატიმროში გამოკეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მამამთილი ქრისტიანი იყო.
„ჩემი ბიძაშვილის ოჯახისყველა წევრი სახარების რწმენის გამო სიკვდილით დასაჯეს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეკლესიის სამი ხუცესი, რომლებიც ჩრდილო კორეაში მისიონერები იყვნენ, პოლიტიკურ საპატიმრო ბანაკებში გაგზავნეს.
იუს თქმით, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, ჩრდილო კორეაში ქრისტიანობა მაინც განაგრძობს ზრდას იატაკქვეშა ეკლესიებში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩრდილოეთ კორეა შეიყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც 2001 წლიდან ყოველწლიურად არღვევენ რელიგიურ თავისუფლებას.
P.S. მსოფლიოში უამრავი ადამიანი ლოცულობს ქრისტიანებისთვის ჩრდილოეთ კორეაში. მოგიწოდებთ, შევუერთდეთ ამ ლოცვას და ვიშუამდგომლოთ უფლის წინაშე დევნილი ქრისტიანებისთვის არა მარტო ჩრდილოეთ კორეაში, არამედ მთელ მსოფლიოში.