აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
„ქრისტიანები კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს სასწაულს ზეიმობენ. ორი ათასზე მეტი წლის წინ უფალმა თავისი ერთადერთი შვილი გამოგვიგზავნა და ანგელოზმა მწყემსებს მაცხოვრის დაბადება ახარა. შობის დღესასწაულზე ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს იმისთვის, რომ თავისი შვილი გამოგვიგზავნა, რითაც ჩვენს სულებს სიმშვიდე და სიხარული მოუტანა.“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„როგორც იცით, ეს შობა განსხვავებულია წინა წლების შობისგან. ჩვენ ვებრძვით გლობალურ პანდემიას, რომელმაც ყველა ჩვენგანზე იქონია გავლენა. და მაინც, ამ უდიდესი გამოწვევების დროს ჩვენ შთაგონებულნი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეების სიკეთითა და სიმამაცით.“ – განაცხადა პირველმა ლედიმ და მასწავლებლებს, მედიცინის მუშაკებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს თავდადების, დაუღალავი შრომისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.