შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ამერიკის მოსახლეობას თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან მიმართა. მან საკუთარ თავს “კანონის და წესრიგის” პრეზიდენტი უწოდა და ამერიკელებს პირობა მიცსა, რომ ქვეყანაში წესრიგს “დაუყოვნებლივ” აღადგენს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ვარდების ბაღში თითქმის 8 წუთის განმავლობაში მიმართავდა ხალხს. სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს.
“ჩემი პირველი და უმაღლესი მოვალეობა, როგორც პრეზიდენტისა, ისაა, რომ დავიცვა ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა და ამერიკელი ხალხი. მე ფიცი დავდე, რომ დავიცავდი ჩვენი ერის კანონებს და ეს სწორედ ისაა, რასაც მე ვაკეთებ.” – განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, ის მობილიზებას უწევს “ყველა ფედერალურ რესურსს – სამოქალაქოს და სამხედროს, ამბოხის, ძარცვის, ნგრევის და ხანძრების გაჩენის შესაჩერებლად და კანონმორჩილი ამერიკელების უფლებების დასაცავად”.
„ჩვენ ვამთავრებთ ამბოხს და უკანონობას, რომელიც მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ჩვენ მას დაუყოვნებლივ დავამთავრებთ. დღეს გუბერნატორებს მტკიცედ მოვუწოდე, ეროვნული გვარდიის სათანადო რაოდენობა გაგზავნოს ქუჩებში კონტროლის მოსაპოვებლად… თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის, მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების არმიას გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი.
მოგიწოდებთ სიმტკიცისკენ და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი და გულითადი სიყვარულისკენ. ჩვენ საუკეთესო დღეები ჯერ ისევ წინ გვაქვს. ახლა მე წავალ და პატივს მივაგებ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. დიდი მადლობა.”
ამ გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლიდან წმინდა ჯონის ეკლესიისკენ ფეხით გაემართა. ეკლესია თეთრ სახლთან ძალიან ახლოს, ლაფაეტის პარკის მეორე მხარეს მდებარეობს და ის ისტორიული ძეგლი გახლავთ. პრეზიდენტი ეკლესიის წინ დადგა და ბიბლიით ხელში რამდენიმე წუთი დაჰყო.
პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად, ვაშინგტონში საპროტესტო აქცია გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა კვირას მინეაპოლისში დაკავების დროს პოლიციელმა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ინტერნეტში გავრცელდა დაკავების ამსახველი ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ბორკილდადებული ჯორჯ ფლოიდი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი დერეკ შოვინი მას კისერზე მუხლს აჭერს. ვიდეო ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო.
“ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ” — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი, როცა პოლიციელი მას კისერზე მუხლს აჭერდა.