თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, განაცხადა, რომ ევროპა უბრუნდება ბარბაროსულ პერიოდს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ერდოღანის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის „ანტიისლამური“ პოლიტიკა და წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ხელახლა გამოქვეყნება იმის ნიშანია, რომ ევროპა ბარბაროსულ პერიოდს უბრუნდება. მისი განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც ისლამს დასციანიან, სურთ, „ხელახლა წამოიწყონ ჯვაროსნული ომები“.
„როგორც ჩანს, მათ კვლავ ჯვაროსნული ომების დაწყება სურთ. ამ ომების შემდეგ, ევროპისგან წამოსული შუღლისა და სიძულვილის მარცვლები დაითესა ამ მიწებზე და მშვიდობა დაირღვა.“ – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დაგმო ევროპის ჩარევა ლიბანში, ალჟირსა და რუანდაში. მისივე თქმით, ევროპა აფრიკის ყველა ქვეყანაში შეიჭრა ოქროს, ალმასისა და ფოსფატისათვის. „თქვენ მკვლელები ხართ.“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრანგ მასწავლებელს ქუჩაში თავი მოჰკვეთა თავდამსხმელმა, მოსწავლეთათვის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ჩვენების გამო. მაკრონმა განაცხადა, რომ გააორმაგებს ძალისხმევას, რათა შეაჩეროს კონსერვატიულ ისლამურ შეხედულებათა მიერ ფრანგული ფასეულობების დაკნინება.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჟურნალ „შარლი ებდოს“ გარეკანზე პრეზიდენტ ერდოღანის კარიკატურა დაიბეჭდა. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის „კულტურული რასიზმისა და სიძულვილის“ გავრცელების მცდელობა. ისინი ამბობენ, რომ ამის საპასუხოდ, ოფიციალური ანკარა კანონიერ და დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამს.
ერდოღანმა მწვავედ გააკრიტიკა მაკრონი გასულ შაბათ-კვირას და თქვა, რომ საფრანგეთის ლიდერს გონებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება სჭირდებოდა. ორშაბათს კი თურქებს ფრანგულ პროდუქტზე ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.