ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 198 ხმით 138-ის წინააღმდეგ ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. ახალი რეგულაციის მიხედვით, უკურნებელი სენით დაავადებულ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს უფლება ეძლევა, ექიმების დახმარებით ევთანაზიას დაეთანხმოს.
პაციენტი ვალდებულია, გადაწყვეტილება მინიმუმ ოთხჯერ დაადასტუროს, ამასთან, მას ნებისმიერ დროს, გადაწყვეტილების გადავადების ან გაუქმების უფლებაც რჩება. ევთანაზიის ხარჯებს თავად პაციენტი იხდის.
კანონპროექტის განხილვა კონსერვატიული სახალხო პარტიის, მოძრაობა „ვივიდორესის“ აქტივისტების და რელიგიური ჯგუფების საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ სალვადორ დალის ნიღბები, როგორც წინააღმდეგობის ნიშანი და ბანერები, წარწერით „სიკვდილის მთავრობა“.
„ევთანაზიის კანონი არის ცივილიზაციის მარცხი და სიკვდილის კულტურის გამარჯვება, მათი, ვისაც სწამს, რომ ზოგიერთი სიცოცხლე უფრო ღირებულია, ვიდრე დანარჩენების.“ – განაცხადა მემარჯვენე პარტიის, VOX-ის ლიდერმა სანტიაგო აბასკალმა სოციალური ქსელის მეშვეობით.
ევთანაზიის მოთხოვნის უფლება ესპანეთის მხოლოდ ზრდასრული ასაკის მოქალაქეებს ექნებათ. კანონი ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვან ევთანაზიის შესრულებაზე თავიანთი პირადი რწმენის საფუძველზე.
კანონის ძალაში შესვლისთვის, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ესპანეთი ევროპაში მეოთხე და მსოფლიოში მეექვსე ქვეყანა იქნება, სადაც ევთანაზია დასაშვებია. ეს ქვეყნებია: ბელგია, შვეიცარია, აშშ-ის რამდენიმე შტატი (ორეგონი, ვერმონტი, ვაშინგტონი), ლუქსემბურგი და კოლუმბია.
შეგახსენებთ, რომ ევთანაზია სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება.