ესპანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ევთანაზია იქნება დაშვებული. ახალი რეგულაციის მიხედვით, უკურნებელი სენით დაავადებულ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს უფლება ეძლევა, ექიმების დახმარებით ევთანაზიას დაეთანხმოს.
პაციენტი ვალდებულია, გადაწყვეტილება მინიმუმ ორჯერ დაადასტუროს, ამასთან, მას ნებისმიერ დროს გადაწყვეტილების გადავადების ან გაუქმების უფლებაც რჩება. ევთანაზიის ხარჯებს თავად პაციენტი იხდის.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გაუმართლებელია ნებისმიერი გარემოების მიუხედავად.
„დღეს ჩვენ უფრო ჰუმანური, სამართლიანი და თავისუფალი ქვეყანა გავხდით. ევთანაზიის შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც საზოგადოება ასე ითხოვდა, საბოლოოდ რეალობად იქცა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ესპანეთში ღირსეული სიკვდილის უფლების მოსაპოვებლად განუწყვეტლივ იბრძოდა.“ – ნათქვამია „ტვიტერზე“ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის პოსტში.
როგორც ცნობილია, ევთანაზია მხოლოდ ესპანეთის მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. მისი მოთხოვნის უფლება ესპანეთის მხოლოდ ზრდასრული ასაკის მოქალაქეებს ექნებათ, ხოლო მის აღსრულებაზე ჯანდაცვის ეროვნული სამსახური იზრუნებს. მანამდე კი მსურველმა 15 დღის ინტერვალით წერილობით ორჯერ უნდა დაადასტუროს, რომ საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტა ნამდვილად სურს. აღსანიშნავია, რომ ევთანაზიის მოთხოვნაზე თანხმობა პაციენტმა ორი ექიმისგან და სპეციალური ორგანოსგან უნდა მიიღოს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. კანონის მიხედვით, ნებისმიერ მედიკოსს შეუძლია, უარი განაცხადოს ამ პროცედურაში მონაწილეობაზე.
ესპანეთი ევროპაში მეოთხე და მსოფლიოში მეექვსე ქვეყანაა, სადაც ევთანაზია დასაშვებია. ეს ქვეყნებია: ბელგია, შვეიცარია, აშშ-ის რამდენიმე შტატი (ორეგონი, ვერმონტი, ვაშინგტონი), ლუქსემბურგი და კოლუმბია.
შეგახსენებთ, რომ ევთანაზია სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება.