თურქეთის ელექტრონული მთავრობის პორტალმა წარმოადგინა ახალი ფუნქცია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ონლაინრეჟიმში შეიცვალონ რელიგია. აქამდე, რელიგიის შეცვლის მსურველ მოქალაქეებს უნდა მიემართათ მოქალაქეობისა და ეროვნების რეგისტრაციის მთავარი სამმართველოსათვის, რათა ოფიციალური ჩანაწერების საფუძველზე მომხდარიყო რელიგიის შეცვლა.
„სამი წლის წინ თურქეთმა გააუქმა რელიგიური კუთვნილების აღმნიშვნელი გრაფა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში. თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული განცხადებების მიხედვით, თურქეთი ისევ მოითხოვს რელიგიური კუთვნილების აღმნიშვნელი გრაფის დაბრუნებას ოფიციალურ დოკუმენტებში, რაც უამრავი გამოწვევის წინაშე აყენებს ქრისტიანებს, რადგან მათ ისევ გაუჭირდებათ სამსახურის პოვნა.
ქრისტიანობაზე მოქცეული ყოფილი მუსლიმანები ხშირად საუბრობენ იმ გამოწვევათა შესახებ, რომლებსაც აწყდებიან საჯარო სკოლებში, როცა ითხოვენ ისლამის გაკვეთილებზე დასწრების არიდებას საკუთარი შვილებისათვის. დიდ დისკრიმინაციას განიცდიან სომეხი, ბერძენი და სირიელი ბავშვებიც.
კონსტიტუციურად თურქეთი სეკულარული ქვეყანაა. ის იმართება იმ პარტიის მიერ, რომელიც თავს ისლამს მიაკუთვნებს. პოლიტიკაში არსებული ეს დაპირისპირება საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტში იჩენს თავს. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს ქრისტიანებს. ისინი ხშირად ხდებიან ისლამისტებისა და ნაციონალისტების სამიზნე.” – წერს ორგანიზაცია International Christian Concern-ი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
International Christian Concern-ი არასამთავრობო ქრისტიანული ორგანიზაციაა, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ვაშინგტონში. ამ ორგანიზაციის მიზანია ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა. ორგანიზაცია 1995 წელს ჩამოყალიბდა სტივ სნაიდერის მიერ.