2020 წლის 28 ივლისს ტრაპიზონთან ახლოს მდებარე სუმელას მონასტრის ხელახლა გახსნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მონასტრის ფრესკების უმეტესობა დაზიანებულია. სუმელას მონასტერს წლების განმავლობაში რესტავრაცია უტარდებოდა ვანდალიზმისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად, თუმცა მონასტერს კვლავ სჭირდება სათანადო ყურადღება.
ბერძნული და თურქული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით ხატები და ფრესკები შესამჩნევად არის დაზიანებული. სახეები გადაშლილია და მათზე წარწერებია დატოვებული. ერთ-ერთი მოწმის თქმით, მხოლოდ ჭერზე არსებული მოხატულობაა ხელუხლებელი, თუმცა თურქული მხარე უარყოფს დაზიანებათა არსებობას.
ტრაპიზონის აია-სოფია და სუმელას მონასტერი ერთსა და იმავე დღეს გაიხსნა. პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა გახსნის ცერემონიის დროს. ის გამოეხმაურა სტამბოლის აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნა:
„ჩვენ რომ სხვა სარწმუნოების სიმბოლოებს ვუმიზნებდეთ, სუმელას მონასტერი დღემდე არ იარსებებდა“.
სუმელას მონასტერი ბერძენი ქრისტიანებისათვის მნიშვნელოვანი მოსალოცი ადგილია და მას ათასობით მნახველი სტუმრობს ყოველწლიურად. მონასტერი, ქრ. შობიდან, დაახლოებით, 386 წელს დაარსდა, იმპერატორ თეოდისიუსის მმართველობის დროს. ის აგებულია კლდეზე, 1200 მეტრის სიმაღლეზე. 1923 წელს საბერძნეთსა და თურქეთს შორის დადებული ლოზანის ხელშეკრულების თანახმად ქვეყნებს შორის მოსახლეობის გაცვლის შემდეგ მონასტერი დატოვეს ქრისტიანებმა. 1930 წელს გაჩენილმა ხანძარმა კი გაანადგურა მონასტრის ხის ნაწილი, რაც ხანძარს გადაურჩა, მომდევნო წლების განმავლობაში მძარცველთა ნადავლი გახდა.
2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის თხოვნის საფუძველზე ნება დართო მონასტერში აღედგინათ 1922 წელს შეწყვეტილი ღვთისმსახურება.