ინდოეთმა არ გასცა ვიზები აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის წარმომადგენლებისათვის (USCIRF). კომისია აპირებდა რელიგიურ უმცირესობათა (მათ შორის, ქრისტიანთა და მუსლიმანთა) მიმართ გახშირებულ თავდასხმათა და შეუწყნარებლობის შესახებ ცნობების გამოძიებას.
ამ ცნობების საფუძველზე კომისიამ 2020 წლის ანგარიშში ინდოეთი „განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ“ ქვეყნად დაასახელა, რითიც ინდოეთი შეუერთდა იმ 13 ქვეყნის რიცხვს, რომლებიც სწორედ ამ სიაში არიან, მათ შორისაა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.
კომისიის განცხადებით, რელიგიური შეუწყნარებლობა და ძალადობა ინდოეთში განპირობებულია მზარდი ინდუისტური ნაციონალიზმით ინდოეთის სახალხო პარტიის მმართველობის პირობებში.
„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნის მთავრობას ჰქონდეს უფლება, ისაუბროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების შესახებ, რომლებიც კონსტიტუციურად დაცულია. ინდოეთი პლურალისტური საზოგადოებაა, რომელსაც შემწყნარებლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.“ ‒ განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რავეშ კუმარმა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის კონსტიტუცია იცავს პიროვნების რელიგიის თავისუფლების უფლებას, სახელმწიფო ხშირად იყენებს ნაციონალური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მოტივს, რათა ხელი შეუწყოს ინდუისტური ნაციონალიზმის განმტკიცებას და შეავიწროოს რელიგიური უმცირესობანი.
ამის მაგალითებია სხვა რელიგიაზე მოქცევის საწინააღმდეგო კანონები „უცხო რელიგიათა“ თავიდან ასარიდებლად და ეკლესიების დახურვა.