ინდოეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ მკაცრი გაფრთხილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიისაგან (USCIRF) ყოველწლიური ანგარიშის მეშვეობით, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კვლევას შეეხება.
ანგარიშში კომისია ინდოეთის მთავრობას მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არავინ არაფერს აკეთებს ქრისტიანთა მიმართ გაზრდილი ძალადობის აღსაკვეთად. ეკლესიებს ანგრევენ, ხუცესებს სცემენ, ბიბლიებს წვავენ და ამ დროს ქვეყნის ხელისუფლება ჩუმად არის.
იდევნებიან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსლიმანებიც. ცნობებმა ამის შესახებ უკვე გამოიწვია მსოფლიო საზოგადოების გულისწყრომა. ანგარიშის მეშვეობით კომისია იმედოვნებს, რომ ზეწოლას მოახდენს ინდოეთის მთავრობაზე, რათა ამ უკანასკნელმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
ორგანიზაციის Faithwire წარმომადგენელმა დენ ანდროსმა ინტერვიუ მისცა რადიო „წამებულთა ხმის“ წამყვანს ტოდ ნეტლტონს ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რაც მოიმოქმედა ინდოეთის ინდუისტურმა ნაციონალისტურმა ხელისუფლებამ ქვეყნის მუსლიმან მოქალაქეთა წინააღმდეგ 2019 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ მთავრობას სურს, ქვეყნის ყოველი მოქალაქე ინდუისტი იყოს, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ქრისტიან მორწმუნეთა მდგომარეობაზეც.
დენ ანდროსი საუბრობს ასევე იმის შესახებ, რომ ქვეყნის მთავრობა ინდოეთში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს რეგისტრაციის გავლას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ან მათი ოჯახის წევრები ინდოეთში ცხოვრობდნენ 1970 წლიდან. ბევრ ინდოელს არ გააჩნია მსგავსი დოკუმენტაცია და ამის გამო მთავრობა მათ ეუბნება, რომ ისინი არ არიან ქვეყნის მოქალაქეები და უნდა დაბრუნდნენ იქ, საიდანაც არიან. ეს მილიონობით ინდოელს უქმნის დიდ პრობლემებს.
ინდოეთი ბევრს არ მიაჩნია ისეთ ქვეყანად, სადაც შეიძლება რწმენის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, რადგან ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანაა და ისინი ტრაბახობენ ამით. ამავდროულად, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს 300-ზე მეტი თავდასხმა მოხდა ქრისტიანებზე. ეს კი ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორია ინდოეთში მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების მხრივ.