გუშინ, ინდონეზიაში, ქალაქ მაკასარის კათოლიკურ ეკლესიასთან, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. გარდაიცვალა, სულ მცირე, ათი ადამიანი, არიან დაშავებულები. პოლიციის ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა ბომბი მაშინ გაააქტიურეს, როცა მრევლი ეკლესიას ბზობის წირვის დასრულების შემდეგ ტოვებდა.
შემთხვევის ადგილზე განადგურებული მოტოციკლი და სხეულის ნაწილები იქნა ნაპოვნი და პოლიციამ განაცხადა, რომ ორი თავდამსხმელი გარდაიცვალა.
აფეთქება ეკლესიის გვერდითა შესასვლელთან მოხდა. ქალაქის მერის, დენი პომანტოს თქმით, აფეთქება ცენტრალურ შესასვლელთან რომ მომხდარიყო, დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
ვატიკანში, ბზობის კვირას ჩატარებული წირვის დროს, რომის პაპმა ფრანცისკემ თავდასხმის მსხვერპლთათვის ლოცვა აღავლინა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.