გათხრების შედეგად იუდეის მთისწინეთში აღმოაჩინეს ქოთნის ნატეხები, რომლებზეც იკითხება უიშვიათესი ხუთ-ასოიანი წარწერა. ქოთანი, დაახლოებით, 3100 წლის წინანდელი გახლავთ და ბიბლიური მსაჯულების პერიოდით თარიღდება.
თიხაზე ამოტვიფრული ასოები ქანაანიტური ანბანური დამწერლობის ადრეული ნიმუში გახლავთ, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-12-მე-10 საუკუნეებში გამოიყენებოდა. ამ დამწერლობის ნიმუშები მთელ ეგვიპტესა და ლევანტშია აღმოჩენილი. მათ შორის უძველესი აღმოჩენა ძვ. წ. მე-9 საუკუნეს განეკუთვნება.
არქეოლოგებისა და ეპიგრაფების თქმით, ქოთნის ნატეხზე აღმოჩენილი წარწერა შემდეგნაირი უნდა იყოს: „იერუბაყალი“. იერუბაყალი ბაყალის მოწინააღმდეგეს ნიშნავს. იგი ბიბლიური გმირის, მსაჯულ გედეონის (დაახლ. ძვ.წ. XIII-XII სს) მეორე სახელია, რომელიც მას ხალხმა შეარქვა ბაყალის (წარმართული კერპის) სამსხვერპლოების დანგრევის გამო.
მსაჯულობის პერიოდში ისრაელს რამდენიმე მტერი ჰყავდა, მათ შორის მიდიანელებიც. გედეონმა სამას-კაციანი რაზმით ღამით შეუტია მიდიანელთა და მათ მოკავშირეთა ბანაკს. ბიბლიის მიხედვით, გედეონის ბრძანებით, ებრაელი მეომრები ქოთნებს ამტვრევდნენ და ბუკს აყვირებდნენ მტრის ბანაკის მახლობლად. მტერმა ეს ხმაური მტრის დიდი არმიის გამოჩენად აღიქვა, ჯარისკაცები დაიბნენ. გედეონმა სწრაფად შეუტია მათ და სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ მიდიანელებმა მრავალი წლით მიატოვეს ქანაანის მიწა. მისი მსაჯულობა ისრაელში 40 წელიწადი გაგრძელდა.