„ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამჟამად ისრაელის მილიონობით მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს.“ – ნათქვამია ისრაელის საელჩოს ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე“.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბოლო 38 საათში ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 1050-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. გრძელდება ისრაელის საპასუხო ცეცხლიც. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, 500-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში. 12 მაისს, დილის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის ათობით პოლიციის სადგური და უსაფრთხოების ობიექტი გაანადგურეს.
„’ჰამასი’ დამიზნებით ისვრის რაკეტებს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს ‘ჰამასის’ ქმედებები.“ – წერს ისრაელის საელჩო საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ალ-აქსას ტერიტორია სამართალდამცველებს, არ შეასრულა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.