28 ივნისს ისრაელის სატელევიზიო მაუწყებლობის მარეგულირებელმა გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დიდ ბრიტანეთში დაარსებული ევანგელისტური ქრისტიანული მედიის God TV დახურვასთან დაკავშირებით. საკაბელო და სატელიტური სამაუწყებლო საბჭო მაისიდან მოყოლებული განიხილავდა აღნიშნულ საკითხს და აცხადებდა, რომ კომპანია თავის მისიონერულ დანიშნულებას ნიღბავდა ებრაულენოვანი არხის „შელანუს“ მეშვეობით. მარეგულირებლის განცხადების შემდეგ სატელიტურმა პროვაიდერმა არხს მაუწყებლობა გაუთიშა.
მედიაში გარცელდა საკაბელო და სატელიტური სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარის, აშერ ბაიტონის განცხადება: „ჩვენი ძიების მიხედვით, ეს არხი ცდილობს, იუდეველებს იესოს სახარება მოახვიოს თავს, რაც სრულიად საპირისპიროა არხის თავდაპირველი განცხადებისა, რომლის თანახმადაც ის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული მოსახლეობისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.“
რონ კანტორიმ, „შელანუს“ ისრაელის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ არხმა უნდა უჩივლოს ბაიტონს, თუ მისგან საჯარო ბოდიშს ან განმარტებას არ მიიღებს, რადგან „შელანუს“ მტკიცებით, არხმა თავიდანვე მკაფიოდ მიუთითა საკუთარ განზრახვაზე, როცა ლიცენზიის მოპოვებისათვის მიმართა მარეგულირებელს და არასოდეს უცდია დაემალა ის, რომ მაუწყებლობა განკუთვნილი იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აუდიტორიისათვის, არამედ ისრაელის ფართო საზოგადოებისთვისაც.