უამრავი ფრაგმენტისა და უჩვეულო წარსულის გამო მკვდარი ზღვის გრაგნილები საკმაოდ დიდ თავსატეხს წარმოადგენს. ექსპერტები ამბობენ, რომ დნმ-ის ანალიზი დაეხმარა მათ იმის გარკვევაში, რომელი ფრაგმენტი მიეკუთვნებოდა ერთსა და იმავე გრაგნილს, რომელი ტექსტები იქნა დაწერილი სხვაგან და ისიც, თუ რამდენად იყო გავრცელებული ეს ნაწერები.
გრაგნილები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი აღმოჩენაა. ყუმრანის გამოქვაბულებსა და იუდეის უდაბნოს სხვა ადგილებზე აღმოჩენილია ებრაული წმინდა წერილის უძველესი ტექსტები, ასევე რელიგიურ წეს-ჩვეულებათა ამსახველი ნაწერები, იურიდიული დოკუმენტები და საგალობლები. მთლიანი გრაგნილების გარდა ასევე 25 ათასზე მეტი ფრაგმენტია აღმოჩენილი, რომელთაგან ზოგიერთის წარმოშობის საკითხი სადავოა.
მკვდარი ზღვის გრაგნილების ფრაგმენტების დნმ-ის ნიმუშების შვიდწლიანი გულმოდგინე კვლევის შედეგად ებრაელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში ცნობილი უძველესი ბიბლიური ტექსტების წარმოშობის ისტორია.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მკვდარი ზღვის გრაგნილებიდან ზოგიერთი სულაც არ არის წარმოშობით მკვდარი ზღვის ახლოს არსებული ყუმრანის გამოქვაბულებიდან, სადაც, დამკვიდრებული აზრის თანახმად, ძველი ებრაული რელიგიური ჯგუფის, ესეების, მიერ დაიწერა ეს გრაგნილები. ზოგიერთი გრაგნილი დაწერილია ყუმრანის გამოქვაბულებიდან შორს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეცნიერებმა ერთ-ერთი ტყავის პერგამენტის დნმ გამოიკვლიეს.
„თითქმის ყველა გრაგნილი ცხვრის ტყავისგან არის დამზადებული და შესაბამისად, მთელი ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ გვეპოვა ერთი კონკრეტული ცხვრის ტყავისგან დამზადებული გრაგნილის ფრაგმენტები და განგვესხვავებინა ისინი სხვა ცხვრის ტყავზე დაწერილი ტექსტის ფრაგმენტებისგან, რომელსაც თითქმის იდენტური გენომი აქვს.“ ‒ განაცხადა თელ-ავივის უნივერსტიტეტის პროფესორმა ოდედ რეხავიმ, რომელიც მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა.
ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი აღმოჩენა არის იერემიას წიგნის ორი ფრაგმენტი, რომელიც დაწერილია ძროხის ტყავზე. იუდეის უდაბნოში კი, სადაც ეს ფრაგმენტები იპოვეს, ძროხის ტყავი ხელმიუწვდომელი იქნებოდა.
„მეძროხეობისათვის ბალახი და წყალია საჭირო, ამიტომაც, მეტად სავარაუდოდ, ძროხის ტყავი უდაბნოში არ იქნებოდა დამუშავებული, არამედ სხვა ადგილიდან მოიტანეს ყუმრანში.“ ‒ თქვა რეხავიმ.
„დნმ-ის ანალიზი ცხადყოფს, რომ იერემიას წიგნის ორივე ფრაგმენტი, რომლებიც ტექსტობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, იუდეის უდაბნოში სხვა ადგილიდან მოიტანეს.“ ‒ განმარტა პროფესორმა ნოამ მიცრაჰიმ.
უფრო მეტიც, ძროხის ტყავის ორ ფრაგმენტზე დაწერილია იერემიას წიგნის ტექსტის განსხვავებული ვერსიები, რომლებიც გავრცელებული იყო იმ რეგიონში და არ წარმოადგენდა მხოლოდ ყუმრანის სექტის გადამწერთა პასუხისმგებლობას, რომლებსაც მიცრაჰის თქმით, „თავისებური მსოფლმხედველობა ჰქონდათ“.
„ყოველთვის არ ვიცით, ზუსტად სად იქნა აღმოჩენილი ესა თუ ის ფრაგმენტი და ხანდახან ეს იწვევს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. აღმოჩენის ადგილის დაზუსტება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აღმოჩენის ისტორიული კონტექსტის ჩვენეულ გაგებას.“ ‒ განაცხადა პროფესორმა მიცრაჰიმ.
მსგავსადვე, გუნდი ამბობს, რომ იმ ფრაგმენტების გენეტიკური ანალიზი, რომლებზეც შაბათის მსხვერპლის საგალობლებია დაწერილი (Songs of the Sabbath Sacrifice) ასევე გავრცელებული იყო ყუმრანის საზღვრებს მიღმა. მეცნიერებმა გამოქვაბულებში ნაპოვნი ცხვრის ტყავზე დაწერილი 24 ფრაგმენტის ანალიზიც ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ დნმ ძალიან იყო დაზიანებული და ადამიანის დნმ-ით იყო დაბინძურებული, მათ მაინც შეძლეს გენეტიკურ მსგავსებათა და განსხვავებათა გამოკვლევა.
სხვა ფრაგმენტებს შორის, მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა იურიდიული დოკუმენტის ფრაგმენტი გენეტიკურად არ შეესაბამებოდა ყუმრანში აღმოჩენილ სხვა ფრაგმენტებს, რამაც დაადასტურა ეჭვები მისი განსხვავებული წარმოშობის შესახებ.
გერმანიაში მცხოვრები პროფესორი ირა რაბინი, მკვდარი ზღვის გრაგნილების ექსპერტი (Federal Institute for Materials Research and Testing) ამბობს, რომ კვლევის შედეგად ახალი არაფერი გამოვლენილა, რადგანაც დიდი ხანია ცნობილია, რომ გრაგნილთაგან ზოგიერთ არ იყო წარმოშობით ყუმრანიდან.
თუმცაღა დოქტორი მეთიუ კოლინზი, ჩესტერის უნივერსიტეტის ებრაული ბიბლიისა და მეორე ტაძრის პერიოდის იუდაიზმის უფროსი ლექტორი მიესალმება კვლევას, თუმცა ამბობს, რომ დნმ-ის ანალიზი მხოლოდ პერგამენტის წარმოშობის საშუალება იძლევა და არ გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ სად დაიწერა ესა თუ ის ტექსტი.
გუნდი განაგრძობს სხვა ფრაგმენტების ანალიზს და იმედი აქვს, უფრო მეტს გაიგებს იმის შესახებ, თუ რომელი ცხოველების ტყავია გამოყენებული ტექსტების დასაწერად. გარდა ამისა, როგორც პროფესორი რეხავი განმარტავს, დნმ-ის კვლევა მეცნიერებს დაეხმარება გაყალბებული და ნამდვილი ფრაგმენტების ერთმანეთისაგან გარჩევაში.