გასულ კვირას საკანონმდებლო კომიტეტმა დაამტკიცა 2018 წელს გარდაცვლილი, ცნობილი ევანგელისტი მქადაგებლის ქანდაკების მოდელი, რომელიც 2 ფუტის სიმაღლისაა.
მოქანდაკე ჩას ფაგანი სულ მალე დაიწყებს გრემის რეალურ სახესთან ქანდაკების მიმსგავსებას, რომელიც შემდგომ უკვე კონგრესის კომიტეტზე დამტკიცდება. ფაგანს იქამდეც არერთხელ შეუქმნია რელიგიური ფიგურების ქანდაკებანი, როგორებიცაა: წმინდა იოანე პავლე II, დედა ტერეზა და ა.შ.
ამერიკის კაპიტოლიუმის დარბაზი აერთიანებს სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანის 100 ქანდაკებას, აქედან 2 ერთი და იგივეა. ბილი გრემის ქანდაკება დაიკავებს ყოფილი გუბერნატორის, ჩარლზ აიკოკის (1859-1912) ადგილს.
1898 წელს, ვილმინგტონში, აიკოკი იყო ერთ-ერთი მთავარი იდეის ავტორი რასათა არეულობასა და გადატრიალებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობის შავკანიანი წევრები თეთრკანიანებით ჩაანაცვლეს. ასევე ჩრდილოეთ კაროლინიდანაა ზებულონ ვენსის (1830-1894) ‒ კონფედერაციის ყოფილი ოფიცრის ქანდაკებაც.
კაპიტოლიუმში გრემის ქანდაკების დადგმას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა.
ჩრდილო კაროლინის ყოფილ სენატორს, დენ სოუსეკს, ჯერ კიდევ 2015 წელს დაებადა ბილი გრემის ქანდაკების შექმნის იდეა. მაშინ გრემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მისმა გარდაცვალებამ ეს პროცესი დააჩქარა.
„ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით, ბილი გრემი ნამდვილად მსოფლიო დონის ფიგურაა.“ ‒ აცხადებს სოუსეკი.
წლების განმავლობაში გრემი ჩრდილო კაროლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო. მის საპატივსაცემოდ მისი სახელობის ორი ცენტრალური ქუჩა არსებობს კაროლინაში. დამთვალიერებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი ხშირად ბიბლიოთეკა აღმოჩნდება ხოლმე, რომელშიც დოკუმენტის სახით ინახება გრემის მთლიანი ცხოვრება ‒ მისი დაბადება, მსახურება და გარდაცვალება.
ბილი გრემის ვაჟი, ფრანკლინ გრემი, რომელსაც ნანახი აქვს ქანდაკების დიზაინი, ამბობს, რომ ქანდაკებაზე ასახულია 1960-იანი წლების ბილი გრემი ბიბლიით ხელში, ქადაგების პროცესში.
ფრანკლინი აღნიშნავს, რომ ეს ქანდაკება ნამდვილად არაა ის, რისთვისაც მამამისი იღვწოდა.
„მამაჩემი დიდად მოხარული იქნებოდა, ეს ამბავი რომ გაეგო, თუმცა ის იტყოდა, მე კი არა, უფალს ეკუთვნის დიდებაო.“
ბილი გრემის სამახარებლო ასოციაცია გამოყოფს ფულს ქანდაკების დამზადებისა და განთავსებისთვის. ეს ყველაფერი დაახლოებით 650,000 ამერიკული დოლარი დაჯდება.