8 ივლისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დავა კათოლიკე მონაზონთა საქველმოქმედო ორდენის, „ღარიბთა პატარა დების“ (Little Sisters of the Poor) სასარგებლოდ გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, აიძულოს ორდენი, უზრუნველყოს დასაქმებულთა კონტრაცეპტივებისა და აბორტის გამომწვევი მედიკამენტების ხარჯები.
ორდენს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან უარი განაცხადა 2010 წელს გამოცემული კანონის (The Affordable Care Act) შესრულებაზე. ხსენებული კანონი მოითხოვს, რომ დამსაქმებლებმა, რომლებიც დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ, ამ დაზღვევაში გაითვალისწინონ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული ხარჯებიც. ახალი რეგულაცია იძულებულს გახდიდა მონაზვნებს, საკუთარი სინდისისა და მრწამსის წინააღმდეგ მოქცეულიყვნენ და დაეფარათ აბორტის გამომწვევი კონტრაცეპტივების ხარჯები საკუთარი ჯანდაცვის გეგმებში.
ცხრა მოსამართლიდან შვიდმა მხარი დაუჭირა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რელიგიისა და სინდისის საფუძველზე დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებს. ეს დადგენილება დამსაქმებლებს აძლევს მორალურ უფლებას, უარი თქვან ამ მედიკამენტების ხარჯების დაზღვევაში გათვალისწინებაზე. ცხრა მოსამართლიდან გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ მოსამართლეები გინზბურგი და სოტომაიორი.