ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელზე თავდასხმებისთვის. მისი თქმით, ისრაელი გააგრძელებს ღაზის სექტორზე შეტევას.
„ჩვენ ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია შევძელით, მათ შორის უფროსი მეთაურების. ჩამოვანგრიეთ შენობები, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ტერორისტული ორგანიზაციების მიერ. ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმას მთელი სიმძლავრით.“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ალ-აქსას ტერიტორია სამართალდამცველებს, არ შეასრულა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის კვირაზე მეტია გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.
ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.